ხადის ხეობაში სასტიკად დახოცილი ამერიკელი სმიტების ოჯახის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. ოჯახის დახოცვაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე "მთელ კვირასთან" ექსკლუზიურად აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება და ეს გარდაცვლილ რაინ სმიტს ეხება.
ადვოკატი გვიყვება, რომ მოკლულ რაიანს სასტიკად წამების კვალი აღენიშნება. მისი თქმით, რაიან სმიტს მუხლები ცივი იარაღის გამოყენებით აქვს დასერილი. კობაიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ასეთი სიზუსტით სხეულზე ჭრილობების მიღება წყალში ჩავარდნის შემდეგ მომხდარიყო. მისი აზრით, რაიან სმიტს ჯერ სასტიკად სცემეს და აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.
ალექსანდრე კობაიძე "მთელ კვირასთან" სმიტების დახოცვის სრულიად სხვა ვერსიაზე ჰყვება და ამბობს, რომ მალხაზ კობაური სრულიად უარყოფს მის მიერ მიცემულ ჩვენებას და ამბობს, რომ ის ოჯახს გზაზე არ შეხვედრია და არც ჩანჩქერთან მიუყვანია. კობაური ახლა აცხადებს, რომ ის მისთვის უცნობმა 7-მა პირმა, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, ძალის გამოყენებით ჩანჩქერთან მიიყვანეს და მან სმიტების ოჯახი სწორედ იქ ნახა.
ადვოკატი ამბობს, რომ დანარჩენი დეტალების მოყოლისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს, რადგანაც ის სამხარაულის ექსპერტიზისგან კობაურის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას ელოდება. ჩვენს კითხვაზე, რომ არსებობს ინფორმაცია საქმეში სმიტების ფოტოაპარატის არსებობის შესახებ, სადაც მხარზე იარაღგადადებული კობაური ჩანს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
კობაური ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი და მას ფსიქიატრები ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან. კობაურის ადვოკატი ამბობს, რომ ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რასაც დაცვის მხარეც ეთანხმება.
"საქმეში ძალიან ბევრი ახალი დეტალია, თუმცა მათზე საუბრისგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. რაიან სმიტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ, ჩემი აზრით, მას ჯერ სცემეს და აწამეს, ამის შემდეგ კი მოკლეს. ამას ალბათ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაც გვიჩვენებს.
"მას მუხლები ცივი იარაღის გამოყენებით აქვს დასერილი. დაუშვებელია, რომ ცხედარს ასეთი ზუსტი დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიეღო. წარმოუდგენელია, რომ ასეთი სპორტული აღნაგობის მამაკაცს კობაური მორეოდა და ფიზიკურად გასწორებოდა, მით უმეტეს ეწამებინა და მუხლები დაესერა. ამ კუთხით ახალი გარემოებებია გამოკვეთილი.
"კობაური თავიდანვე ჰყვებოდა, რომ ის 7-მა ადამიანმა ძალის გამოყენებით მიიყვანა სმიტების ოჯახთან, სადაც აყურებინეს, როგორ დახოცეს ისინი. კობაური ამბობს, რომ ეს ადამიანები ქართულად საუბრობდნენ.
"მეტ დეტალს ვეღარ გეტყვით. ის აცხადებს, რომ ჩვენება, რომელიც მან მისცა, ძალის გამოყენებით არის ჩამორთმეული და ის პოლიციამ დააშინა", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ლორა სმიტის გაუპატიურებასთან დაკავშირებით ბევრი ახალი დეტალია, რაზეც ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს. ადვოკატი ამბობს, რომ კობაური მასთან საუბრისას სრულიად გაწონასწორებულია და მომხდარ ამბავს თანმიმდევრობით ჰყვება. მისი აზრით, კობაურს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ აქვს. მას სურს, რომ ეს სასტიკი მკვლელობა ბოლომდე გამოძიებული იყოს და სიმართლე დადგინდეს.
კობაურის ფსიქიატრიულში გადაყვანას თავისი ოჯახიც ეთანხმება. მარიამ მარტიაშვილი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ თავისი შვილი სრულიად ჯანმრთელია და მიესალმება, რომ ამის დამტკიცება უკვე ფსიქიატრების მეშვეობით შეეძლება.
მარტიაშვილი ამბობს, რომ კობაური მის წინააღმდეგ წაყენებულ მძიმე ბრალდებას სრულიად ათვითცნობიერებს და ის მომხდარ ფაქტს მძიმედ განიცდის.