აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 1-ელ აგვისტოს სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულ ჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილოს ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრონსონის დაკავებასთან დაკავშირებით.
პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრონსონი, ვინც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასა" და ფუთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება.
აშშ-მა თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები "მაგნიტსკის გლობალური აქტის" ფარგლებში დაუწესა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გარეული არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას მასზე, ვინაიდან "ეს აგრესიული პოზიცია, რომელიც არავის ინტერესებს არ პასუხობს, არ დარჩება საპასუხო რეაგირების გარეშე".
საპასუხო რეაგირება თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მოახდინა და თურქეთში აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივები გაყინა. ამის შესახებ განცხადება თავად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
"აშშ-ის ბოლო ქმედება პასტორ ბრანსონთან დაკავშირებულ საქმეზე არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორის ქმედებას. აშშ-მა ამ ნაბიჯით უპატივცემულობა გამოავლინა. ჩვენ მოთმინება გამოვიჩინეთ, თუმცა გავყინავთ აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების მდივნების აქტივებს თურქეთში", - აცხადებს ერდოღანი.
რა შეიძლება გამოიწვიოს ამ დაპირისპირებამ აშშ-თურქეთის ურთიერთობებში და ამ ფონზე როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, სიტუაცია რომ არ გართულდეს ორ პარტნიორ ქვეყანასთან, ამის შესახებ "მთელი კვირა" ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის სიტუაციის დაძაბვა და ეს, უბრალოდ, ორივეს მხრიდან რაღაც ჟესტია, რომ ორივე ძლიერი სახელმწიფოა და, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლიათ.
"ერდოღანმა განაცხადა, რომ საპასუხო რეაქცია ექნებოდა და იმ შემხვევაში, თუ ურთიერთობა უფრო დაიძაბება, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ორივე ნატო-ში პარტინორები არიან და ნატო-ს შიგნით ასეთი განხეთქილება არავის აწყობს, რუსეთის გარდა.
"რამდენად მოახერხებს ტრამპის ადმინისტრაცია თურქეთთან ურთიერთობის გამოსწორებას, ვერ გეტყვით, თუმცა ასე მარტივად ვითარება არ გამოსწორდება და ამას დრო დასჭირდება.
"ისე, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერობებიც გვახსოვს და ისიც გვინახავს, რამდენჯერ შებრუნდა თურქეთი. ამიტომ, თუ რაღაც ინტერსი გაჩნდა, თურქეთის შებრუნება ძნელი არ იქნება.
"რაც შეეხება აშშ-თურქეთის სამომავლო ურთიერთობებს, არ მგონია, რომ ორი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში შედიოდეს ურთიერთობის დაძაბვა. როგორც ჩანს, ეს რაღაც ჟესტია ორივეს მხრიდან, რომ ორივე ძლიერი სახელმწიფოა და, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლია.
"სიტუაციის გამწვევება თურქეთს, რა თქმა უნდა, დააზიანებს, რადგან მისი ეკონომიკა დამოკიდებულია აშშ-ის ინვესტიციებზე, მათ შორის არის როგორც სავაჭრო, ასევე ბიზნესურთიერთობებები. ასევე თურქეთს აშშ-ის გარკვეული შიშიც აქვს, რადაგან შეუძლია, დაიწყოს ქურთების მხარდაჭრა, თუმცა მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თურქეთს ამერიკის ბაზები არ გაუყვანია თურქეთის ტერიტორიიდან.
"რაც შეეხება საქართველოს, თურქეთსა და აშშ-თან საქართველოს სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებს, ამიტომ არ მგონია, რომ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა თურქეთისთვის გამაღიზიანებელი იყოს, თუ ისინი მტრებად არ გადაიქცევიან. მაშინ ალბათ ძნელი იქნება ორივესთან მეგობრობა. ანდა, თურქეთმა მთლიანად ზურგი უნდა შეაქციოს დასავლეთს და ავტორიტარულ ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ბოლო 100 წელია, თურქეთი პროდასვლური ქვეყანაა და ძნელი წარმოსადგენია, რომ თურქეთი შევიდეს ალიანსში რუსეთსა და ირანთან და იბრძოლოს დასავლეთის წინააღმდეგ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" კახა გოგოლაშვილმა.
კორნელი კაკაჩია: "აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო და ახალ ეტაპზე გადადის. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და კომფორტული სიტუაცია და არც ის არის გამორიცხული, რომ თურქეთის ამ ქმედებას აშშ-ის მხრიდან კიდევ მოჰყვეს სანციები. ამიტომ თურქეთის ინტერსებში არ უნდა იყოს აშშ-თან სიტუაციის დაძაბვა.
"რასკვირველია, ამ პროცესებზე არანაირი გავლენის მოხდენა საქართველოს არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ ორივე ქვეყანასთან", - განაცხადა "მთელ კვირასთან" კორნელი კაკაჩიამ.