თამარ შუკვანი
06.08.2018

 "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ, არაოფიციალური ცნობით, მმართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

"ამას დიდი პროტესტი და ხმაური გარეთ, საჯარო სივრცეში არ მოჰყვება. არ იქნება დაპირისპირება, მაგრამ, ალბათ, გარკვეული პროცენტი ზურაბიშვილის მიმართ პროტესტს გამოთქვამს. ჯერჯერობით, "ქართულ ოცნებაში," როგორც ჩანს, ლიდერი ჯგუფი არ გამოკვეთილა", - ამ და ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით "მთელი კვირა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს გაესაუბრა.

"მთელი კვირა": თქვენი აზრით, რამდენად ერთსულოვანი იქნება "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაში და ხომ არ გამოიწვევს პარტიაში დაპირისპირებას?

ვახტანგ ძაბირაძე: შეიძლება ითქვას, რომ მთავრობაში ასეთი ფიგურა ბახტაძის სახით არის - როდესაც პარლამენტში ივანიშვილის რეკომენდაციით გახდა პრემიერი, მაგრამ პარლამენტში მას ჯერჯერობით თავისი დაჯგუფება არ გააჩნია. ნეიტრალური ფიგურა იყო, მაგრამ მოულოდნელიც იყო მისი წამოწევა პრემიერის თანამდებობაზე.

ასეთივე იქნება, თუკი სალომე ზურაბიშვილი იყრის კენჭს და "ოცნება" ოფიციალურად მას დაუჭერს მხარს. გარკვეული ჯგუფი მას მიესალმება, ზოგმა შესაძლოა, კრიტიკული მოსაზრება გამოთქვას, მაგრამ სერიოზული დაპირისპირება ამას არ მოჰყვება.

"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ზურაბიშვილს გამარჯვების შანსი და როგორი პრეზიდენტი იქნება გამარჯვების შემთხვევაში?

ვ.ძ.: თუკი ზურაბიშვილის "ოცნებისგან" მხარდაჭერა არ ექნა, მას გამარჯვების შანსი არ ექნება. "ოცნებისგან" მხარდაჭერილს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შანსი აქვს, რადგან ოპოზიცია სრულიად დაქსაქსულია.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ ზურაბიშვილს გამარჯვების 100%-იანი შანსი აქვს. მეორე ტური იქნება თუ არა, ეს შეიძლება, იყოს პრობლემა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მეორე ტური მათ დასჭირდეთ.

ვფიქრობ, ზურაბიშვილი ნორმალური პრეზიდენტი იქნება. არ მგონია, რომ ეს პოსტი გამოიყენოს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს. "ქართულ ოცნებას" გარანტირებული აქვს, რომ პრეზიდენტად იქნეს დანიშნული ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ თამაშებს არ დაიწყებს.

"მ.კ.": როგორ შეაფასებთ ნინო გვენეტაძის გადადგომას?

ვ.ძ.: საკმაოდ მოულოდნელი იყო ამ ქალბატონისგან. მას შემდეგ, რაც ბოლო სხდომაზე მისი ჯგუფი, ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ, შეინარჩუნეს სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეებზე გავლენა, ბოლო დროს ეს სერიოზული პრობლემები გახდა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადამდგარიყო. უფრო მეტად მგონია, რომ მას არ ჰქონდა მხარდაჭერა არც სასამართლო სისტემის შიგნით და არც მთავრობისგან იმისთვის, რომ მას გამოეცხადებინა ბრძოლა და დაეწყო სერიოზული ცვლილება სასამართლო სისტემაში.

"მ.კ.": რას ფიქრობთ პრეზიდენტისა და "ოცნების" დაპირისპირებაზე გვენეტაძის შემცვლელის შერჩევასთან დაკავშირებით?

ვ.ძ.: ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და რამდენადაც ვიცი, მან გამოაცხადა, რომ იწყებს ფართო კონსულტაციებს და საზოგადოებას მოუწოდა, შერჩევის პროცესში ჩაერთოს.

სასამართლო სისტემა საჭიროებს რეფორმას. თუ ამ სასამართლო სისტემაში დარჩნენ ძველი კადრები, საზოგადოებაში ნდობა ნაკლებად სავარაუდოა. კოლექტიურმა მურუსიძეებმა უნდა დატოვონ სასამართლო სისტემა, ეს აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა გააკეთონ, ნდობა მოსახლეობაში ვერ და არ იქნება.

"მ.კ.": თქვენი აზრით, რატომ არ შედგა უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემი და ცალკე რომელიმეს თუ აქვს შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა?

ვ.ძ.: ოპოზიციას ცალკე არანაირი შანსი არ აქვს. სერიოზული შანსი ექნებოდათ და "ოცნებას" კონკურენციას გაუწევდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ერთი კანდიდატი შეირჩეოდა ოპოზიციის მხრიდან. ასეთ დაქსაქსულ ვითარებაში მათ შანსი არ აქვთ.

ახლა ბრძოლა მიდის არა რეალურად პრეზიდენტობაზე, არამედ იმაზე, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და ყველა პოლიტიკური სუბიექტი ეცდება, რომ ეს არჩევნები გამოიყენოს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

მათ მხარდაჭერა არ ექნებათ და მგონია, რომ ვერ მოიგენებ არჩევნებს, მით უმეტეს, ცალცალკე თუ იყრიან კენჭს, ისინი ერთმანეთს გაუყოფენ ხმებს, რადგან მარგველაშვილიც და უსუფაშვილიც ერთ ელექტორატზე თამაშობენ.

თუ მარგველაშვილს სურდა პოლიტიკაში დარჩენა, მას ძალიან კარგი წინადადება შესთავაზეს, რომ ყოფილიყო კანდიდატი არა მარტო ამ არჩევნებზე, არამედ ზოგადად პოლიტიკაში. თუ პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს ადამიანი და მხოლოდ ამ არჩევნებზე ფიქრობს, არავის არაფერში წაადგება ეს.

ოპოზიციაში თუკი არ ჩამოყალიბდა მესამე ძალა, ზოგადად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული, ძალიან მძიმე ვითარებაში შეიძლება, აღმოვჩნდეთ. ამ ძალის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი იყო ამ არჩევნების გონივრულად გამოყენება.

ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ფიქრობს, რომ ცალკე ყველაფერი შეიძლება. სინამდვილეში, ზუსტად ისეთივე შეცდომებს უშვებენ ან კიდევ უარესს, როგორც ამას 2007-2012 წლებში აკეთებდნენ, სანამ არ გამოჩნდა ივანიშვილი და სხვის მიერ მოწეული მოსავალი არ მიითვისა. სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდება ოპოზიცია, თუკი ჭკვიანურად არ მოიქცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×