უკავშირდება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა "ციანიდის საქმეს"? ნინო გვენეტაძის გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში. მათი აზრით, გვენეტაძის გადადგომა და სასამართლოს უარი დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვაზე დროში დაემთხვა. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ გვენეტაძე ან ეცადა, რომ გადადგომით ამ საქმისთვის თავი აერიდენიბა, ან ის შეეწინააღმდეგა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას გადადგომა აიძულეს.
1-ელ აგვისტოს, 5-თვიანი ფიქრის შემდეგომ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე. სასამართლო აცხადებს, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გვენეტაძე გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა, ის სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე საუბრობდა, ამიტომ მას არ დარჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი გადადგომას აპირებდა.
"აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, მით უმეტეს, თუ რა ხდებოდა გვენეტაძესთან მიმართებაში. ეს გახლავთ გასული წლის 6 ნოემბრის სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი, სადაც გვენეტაძემ განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი.
"ამას წინ უძღოდა საბჭოს წევრების მიერ სერიოზული შეტევა, რომელსაც მე ბულინგი დავარქვი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ის ბოლო წვეთი გამხდარიყო, რამაც ის ამ ზომამდე მიიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესი სასამართლოსგან ის უარს არ ელოდა და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ შეეწირა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იურისტი ლია მუხაშავრია "მთელ კვირასთან" ასევე არ გამორიცხავს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი ე.წ. ციანიდის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამხდარიყო. მისი აზრით, გვენეტაძე უკვე დიდი ხანია, საკმაო ზეწოლას განიცდის და მას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. იურისტი ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე თეთრი ძაფებით არის შეკერილი და გვენეტაძემ, არ არის გამორიცხული, გარიდება გადაწყვიტა.
"ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, დისტანცირებას ცდილობს. თუმცა, საპირისპირო მდგომარეობაც არ არის გამორიცხული, რომ, მაგალითად, ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია ამ ყველაფრისთვის და გადააყენეს.
"არ არის გამორიცხული, რომ "ციანიდის საქმე" ბოლო წვეთი აღმოჩენილიყო და მას უბრალოდ ძალაც აღარ შესწევდა, რომ საქმიანობა გაეგრძელებინა.
"ე.წ. ციანიდის საქმე საქართველოს სამართალწარმოებაში უპრეცედენტოა, რადგანაც ადამიანს დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებენ. ყველანაირი ლოგიკით, უზენაეს სასამართლოს საქმე წარმოებაში უნდა მიეღო", - აცხადებს ლია მუხაშავრია.
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ნინო გვენეტაძის გადადგომას მეუფე პეტრეც აფასებს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ წმინდა სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა შექმნას კომისია, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე საზოგადოებას პასუხს გასცემს.
მისი აზრით, ნინო გვენეტაძე იმ ზეწოლის მსხვერპლი გახდა, რომელიც ხელისუფლებისა და იმ მოსამართლეებისგან მოდიოდა, რომლებიც მათ ინტერესებს იცავენ. ის ასევე მოუწოდებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს, გამოითხოვონ ეს საქმე და ჩაერთონ მის გამოძიებაში.
მეუფე პეტრე დეკანოზის საპატიმროში ყოფნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პრეზიდენტსაც აკისრებს.
"მათ მოინდომეს, პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა - მსხვერპლი.
"ნინო გვენეტაძის გადადგომა დროში საკმაოდ საეჭვოდ დაემთხვა და ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აცხადებს მეუფე პეტრე.