საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად იმ აკადემიურ წრეებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის მიზანია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა, რაც გულიხმობს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფისა და ინსტიტუტის, მათ შორის - პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობა საჯარო კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ახალი რედაქციით კონსტიტუციის ამოქმედებას ელოდება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს.
ცნობისთვის, უზუნაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 აგვისტოს უზენაესი სასამათრლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ჯანმრთელობის მდგომარობის გამო, თანამდებობიდან გადადგა.
ნინო გვენტაძის მიერ 10 წლის ნაცვლად 3 წელიწადში მუშაობის შეწყვეტის მთავარ მიზეზად იურიდიულ წრეებში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ასახელებენ, კერძოდ იმას, რომ ნინო გვენეტაძეს, ორგანიზაციულად, სისტემურად, კლანურად შეუქმნეს ისეთ პირობები, რომ იგი იძულებული იყო, გადამდგარიყო. მათი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაგომა ქვეყანაში სამართლებრივი კრიზისის უმძიმეს ვითარებაზე მიანიშნებს.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცესში აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო სექტორი და ისინი ყოველ ღონეს იხმარენ, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი გავიდეს. თუმცა, კახნიაშვილის ვარაუდით, მათ კანდიდატურას პარლამენტის უმრავლესობა აუცილებლად ჩააგდებს და პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაიწევს.
"არ მგონია, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლა ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდეს. ჩემი აზრით, იგი გონიერი ადამიანია, მიხვდა, რომ სასამართლო სისტემაში იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს, ვერ გაუმკლავდა და თვითგადარჩენის ინსტინქტით დატოვა თანამდებობა, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და შემდგომი ხელისუფლების მოსვლის პირობებში კვლავ დაიკავოს თანამდებობა სასამართლო ხელისუფლებაში.
"რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, სახელდებიან ანა დოლიძე, ირინა იმერლიშვილი და სხვები, ძირითადად - არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ჩემი აზრით, ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა, რომ კანდიდატი ადვოკატთა კორპუსიდან შეირჩეს.
"ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი ადვოკატები, მაგალითად - დავით ლანჩავა და სხვები. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას "ოცნება" არ დათმობს, პროცესს გაწელავს და დაელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან, ახალი კონტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში პრეზიდენტი ვეღარ ჩაერევა, მას პარლამენტი აირჩევს", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ავთანდილ კახნიაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის თქმით, უზენაესი სასამათრლოს თავმჯდომარის არჩევა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
"ნინო გვენეტაძე გადადგა იმიტომ, რომ იყო მძევალი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. მას ყველაფერი გააკეთებინეს და შემდეგ გაუშვეს. საერთოდ, წყალშიც რომ გადახტე, თუ ივანიშვილის ნება არ იქნება, ვერანაირ თანამდებობაზე ვერ დაინიშნები. ან მისი მძღოლი უნდა იყო, ან - პირადი დაცვის წევრი, ან - პირადი იურისტი, თანამდებობაზე რომ დაინიშნო.
"მაგალითად, მზია თოდუა, ვინც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, ადრე ივანიშვილის ბანკში მუშაობდა იურისტად და შემდეგ გადმოიყვანეს სასამართლო სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატურა დასახელდა, ეს მართლაც იქნება ივანიშვილის პირდაპირი მმართველობა უზენაეს სასამართლოში.
"რაც შეეხება ანა დოლიძის კანდიდატურას, ეს მართლაც კარგი არჩევანია, მაგრამ აბსურდია, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, რადგან ანა დოლიძე ებრძვის "მურუსიძეებს". პრეზიდენტი წარადგენს ანა დოლიძის კანდიდატურას, მაგრამ პარლამენტი ჩააგდებს და დაელოდება ახალი პრეზიდენტის არჩევას", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ზაზა ხატიაშვილმა.