ტატა შოშიაშვილი
05.08.2018

 სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიის არაბული რესპუბლიკის ლიდერი ბაშარ ასადი გეგმავს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ჩასვლას. თუმცა, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტის კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ბაშარ ასადის სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ჩასვლა სიმბოლური ჟესტია, რომელსაც არანაირი მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ სირიისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. წარმომადგენლებმა, სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა დამასკოში ხელი მოაწერეს  „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას“.

„რეზონანსთან“ საუბრისას კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლა გასაკვირი ნამდვილად არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ის საკმაოდ დაახლოებულია  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან.

„მგონია, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ბაშარ ასადი, გამომდინარე მისი ახლო ურთიერთობებიდან პუტინის რეჟიმთან და მის სატელიტებთან, იმდენად ხშირად ჩადის მოსკოვში და ზოგადად, რუსეთის ტერიტორიაზე, რომ ამჯერად ეს რაიმე დიდი მნიშვნელობის მატარებელი მოვლენა ნამდვილად არ არის.

„ალბათ, როდესაც შედგება ასადის მორიგი ვიზიტი რუსეთში, შესაძლებელია, რომ მათ შორის პრეზიდენტმა შეიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლებამ და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არსებული რეჟიმის წარმომადგენლებმა სთხოვეს, რომ სირიის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სიმბოლურად, ბაშარ ასადი ჩავიდეს იქ და ადგილობრივ რეჟიმს გაუმყაროს პოზიცია იქ მცხოვრებთა თვალში.

„სავარაუდოდ, ერთ-ერთ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ასადმა  შექმნას გარკვეული ილუზია, თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს სამხრეთ ოსეთში არსებული რეჟიმის კანონიერებას, რაც აბსოლუტურად აცდენილი როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე კანონის ყოველგვარ უზენაესობას და ბევრ სხვა პრინციპს“, -განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ ასადის ჩასვლა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში არანაირი შედეგის მომტიანი არ იქნება:

„რა შედეგის მომტანი უნდა იყოს იმ ადამიანის „რესპუბლიკაში“ ჩასვლა, რომელიც თვითონ ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიებს და ასევე, სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების მასთან შეხვედრა, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს?! საერთაშორისო ურთიერთობების  კუთხით ეს არც არის არანაირი მოვლენა და, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს უბრალო სიმბოლური მნიშვენობა აქვს  ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმისთვის.

„არც სირიის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რომელიც  კაციშვილმა არ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება, არ უნდა ველოდოთ რაიმე განსაკუთრებულ ცვლებებს. იმიტომ, რომ ასადის რეჟიმი ჯერ კიდევ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სირიაში“, - განაცხადა კაკაჩიამ ექსპერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×