2018 წლის 28 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება რიგით მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ოფიციალურად მონაწილეობას მიიღებენ გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. სხვა კანდიდატურები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ განცხადებას საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთებს 6 აგვისტოს.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა აბსოლუტურად გამართლებული გადაწყვეტილება იქნება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, მას მხარს „ქართული ოცნება“ დაუჭერს და საკუთარ კანდიდატურას კონკურენტად აღარ დაასახელებს.
„მე ყოველმხრივ ვუჭერ მხარს ქალბატონ სალომეს, იმიტომ, რომ მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, როგორი პრინციპების მატარებელი პიროვნებაა. უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ არა რომელიმე პარტიის, არამედ თავისუფალი პრინციპების მატარებელი ადამიანია წარდგენილი ამ პოსტზე. მე მომხრე ვარ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარდგენის“, – განაცხადა „რეზონანსთან” საუბრისას კინორეჟისორმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ის პიროვნებაა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს საქართველოს განვითარებას, რადგან მან წარსულში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში:
„რაც მთავარია, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად მჯერა მისი სანდოობის. მან, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, უზარმაზარი საქმე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ჯარების საქართველოდან გაშვებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება პიროვნება, რომელიც თავისუფალია პირდაპირი პარტიული დავალებებისგან. პარტია, მაინც, ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც გარკვეული დისციპლინა მოქმედებს. აქედან გამომდინარე, თავისუფალი, არაპარტიული ადამიანის მოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
„ახალი დებულებების მიხედვით, მართალია, პრეზიდენტს ისეთი უფლებები აღარ აქვს, როგორც უწინ, მაგრამ სულ ერთია - პრეზიდენტი არის წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნისა მთელ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, მისი მოქმედებები, რომელიც თავისუფალი იქნება რომელიმე პარტიის ზეგავლენისაგან, უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.