(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს.
დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პარლამენტის თავმჯდომარე საქმის კურსში ჩააყენა, რომ დღეს 17:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.
ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში და მას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება თუ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული კითხვა კვლავ უპასუხოდ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, თუმცა ამის შესახებ თავად მას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. კიდევ ერთი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.