რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიზნად ისახავს სირიაში მიღწეული სამხედრო წარმატების გამოყენებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის, რომელიც უკრაინის საკითხს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა" ავრცელებს.
საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთმა არარეაული მიზანი დაისახა, რადგან ცდილობს, რომ გასული საუკუნეების პრაქტიკა, ტერიტორიების გავლენის სფეროებად გადანაწილება, 21-ე საუკუნეშიც განახორციელოს.
„ალჯაზირას" ჟურნალისტები თვლიან, რომ ირანი დაეხმარა რუსეთს საერთო მიზნების მიღწევაში, ანუ ამბოხებულების დამარცხებაში, რომელთაც „დასავლეთი" უჭერდა მხარს და ლიბიაში შეჭრისთვის „შურისძიებაში", რითაც, პუტინის აზრით, რუსეთს მოკავშირე წაართვეს. მაგრამ ამის შემდეგ რუსეთისა და ირანის ინტერესები გაიყო.
„რეზონანსთან" საუბრისას კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ევროპის უსაფრთხოებაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვდებიან, რომ თუ უკრაინა დაკარგავს სუვერენიტეტს, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მთელი აღმოსავლეთ ევროპა
„რუსულ ხელმძღვანელობას ძალიან დიდი ხანია ეს სურვილი გააჩნია. ისინი ფიქრობენ, რომ, როგორც თავის დროზე მე-18 საუკუნეში არსებობდა გავლენის სფეროები სხვადასხვა იმპერიებს შორის, ასევე შესაძლებელია დღეს, 21-ე საუკუნეში ივაჭრონ ამა თუ იმ გავლენით.
„ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მოლაპარაკების მაგიდასთან, ცალკეულ შემთხვევაში, რუსეთის პოზიცია გაიზიაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიkის შეერთებული შტატების წარმომადგენლები უარს იტყვიან საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე.
„მათი ეროვნული ინტერესები კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და ევროპის სრულფასოვანი ნაწილი, ასევე, ვთქვათ, ნატო-ს წევრი სახელმწიფო მომავლის პერსპექტივაში. ეს როგორც შეერთებული შტატების, ასევე დასავლეთის ინტერესებშია", - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, რუსეთმა სირიაში გატარებული კამპანია გამოიყენა საკუთარი მომავალი მიზნების განსახორციელებლად:
„რუსების მიერ გატარებული სირიის კამპანიის ერთერთი მიზანი შემდეგი იყო: რუსეთს ეგონა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცნაირად სირიის პოზიციას დათმობდა, შემდეგ, ასე ვთქვათ, კარტბლანშს მიიღებდა საქართველოსა და უკრაინაში, რაც ვერ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი. ამ საკითხში შეერთებული შტატების ინტერესები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის ფედერაციისა."
„გასაგებია, რომ რუსეთი უფრო ახლოსაა და მეზობელი სახელმწიფოა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კარგად ესმით, რომ თუ უკრაინა დაკარგავს დამოუკიდებლობას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატო-ს წევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ძალიან სერიოზული საფრთხე შეექმნებათ.
„აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს ვერ მოხერხდება, მიუხედავად იმ სურვილისა, რომელიც გააჩნია რუსეთის ხელმძღვანელობას. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა საკითხებზე მხარეებს შორის გარკვეულწილად პოზიციების შეჯერება მოხდეს, მითუმეტეს სირიაში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ნამდვილად ვერავინ ვერ გაიგებს ვინ აკონტროლებს ამ ქვეყანას იმდენადაა იქ გართულებული მდგომარეობა", - თქვა მან.
კორნელი კაკაჩია თვლის, რომ რუსეთისთვის უკრაინის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვერც ირანისა და ვერც სხვა საკითხი ვერ გადაფარავს უკრაინის მნიშვნელობას ფედერაციისთვის:
„რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ეცადონ, ვერც ირანისა და ვერც სხვა, თუნდაც მნიშვნელოვანი საკითხი, ვერ დაფარავს მას. უბრალოდ შესაძლებელია, რომ ტაქტიკურად ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ამ გეოპოლიტიკური თავსატეხის გამო, არსებობს შანსი იმისა, რომ რუსულ დიპლომატიას აწყობდეს გარკვეული ლავირება ან დროებით საკუთარი პოზიციის გადახედვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უარს იტყვიან უკრაინაზე ან პოსტსაბჭოთა სივრცეზე", -დასძინა კაკაჩიამ.