თამარ შუკვანი
06.08.2018

 რუსეთისაგან კიდევ ერთი მუქარა საქართველოს - რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციამ შესაძლოა კიდევ ერთ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის" ეთერში განაცხადა.

„საქართველოს ნატოში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?" - აცხადებს ის. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს" შორის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის აცილება შესაძლებელი იყო.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადება ყველას გვახსოვს, რომელიც მედვედევის განცხადების იდენტური იყო, სადაც პუტინი საქართველოს, ფაქტობრივად, ემუქრებოდა.

რა შეიცვალა ამ მცირე დროში და რუსეთის ორი დიდი ფიგურა, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, რას უნდა ნიშნავდეს ეს; ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესაძლო ინტეგრაციამ რუსეთს რეალური საფრთხე შეუქმნა და შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი რუსეთის უკიდურესი გაღიზიანებისა.

მისი თქმით, რუსეთი ნატოს რეაქციასაც ცდის და „ღირსეული პარტნიორი 2018"-ის წვრთნები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რუსეთის გაღიაზიანებას იწვევს.

„ისინი თვლიან, რომ საქართველოში ნატოს წევრობის საკითხი შესაძლოა რეალური იყოს. მათ აინტერესებს რეაქცია; ნატო რამდენად წამოეგება და დააფიქსირებს ფაქტს, - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაის შესახებ.

„რუსეთი ძალიან გააღიზიანა „ღირსეული პარტნიორობის" წვრთნებმა, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარ საგნად იქცა. მათთვის მთავარია ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება, რომელიც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს," - აღნიშნა მან.

მაისაიას განცხადებით, რუსეთმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაიწყო წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და პუტინისა თუ მედვედევის განცხადება საქართველოს მიმართ სამხედრო მუქარად შეიძლება ჩაითვალოს.

„შემთხვევითი არ არის, რომ რუსებმა დაიწყეს საპირისპირო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც 3 000 ადამიანი არის ჩართული. მედვედევის „კომერსანტთან" გაკეთებული დღევანდელ განცხადებას და პუტინის რამდენიმე კვირის წინანდელ განცხადებაც უნდა ჩავთავალოთ ერთგვარ მორიგ სამხედრო მუქარად," - აცხადებს ის.

მისი თქმით, რუსეთისაგან არსებობს აშკარა საფრთხე და შესაძლოა რუსეთმა კვლავ გაიმეოროს 10 წლის წინანდელი და მოახდინოს სამხედრო ძალის გამოყენება. მაისაიამ გაუსვა ხაზი რუსეთ-ამერიკის დაძაბულ ურთიერთობასაც..

„რუსეთისაგან ყველაფრის მოლოდინი არსებობს. 10 წლის წინანდელმა ომმა გვიჩვენა, რომ რუსეთისაგან ნებისმიერი საფრთხე არის მოსალოდნელი, მათ შორის უშუალოდ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია.

„სამწუხაროდ, რუსებმა ეს იციან და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გაიმეორონ აგვისტოს ომოს რეციდივი, გართულებულია ურთიერთობები რუსეთ-ამერიკას შორის და საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა სანქციასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×