საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, ნაწილი კი 2019 წლის 1-ლი აპრილიდან აიკრძალება. საუბარია, 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, რეალიზაციისა და იმპორტის სრულად აკრძალვაზე.
შპს „მხნეობის“ დირექტორი, გიორგი სიფრაშვილი განმარტავს, რომ ახალი წლიდან კომპანია ისედაც აპირებდა ბიოდეგრადირებად პარკებზე გადასვლას. რაც შეეხება ფასს და იმას, რამდენად ხელშესახებად აისახება ეს გამოშვებული პროდუქციის საბოლოო თვითღირებულებაზე, მეწარმე აცხადებს, რომ სხვაობა 1 პურის შემთხვევაში 1-თეთრიანი იქნება. სიფრაშვილის განცხადებით, ახალ რეგულაციაზე გადასვლისთვის არანაირი დამატებითი ინვესტიციის გაღება საჭირო არ იქნება.
კომპანია „იფქლის“ დირექტორი არისი ბოჭოიძის განცხადებით, „იფქლის“ პროდუქცია ძირითადად ქაღალდსა და ლამინირებულ ქაღალდში იფუთება.
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენი რომელიმე პოლიეთილენის შეფუთვის შეცვლა გახდა საჭირო, ეს არც ერთ შემთხვევაში არ აისახება პურის საბოლოო ფასზე", – განუცხადა "კომერსანტს" ბოჭოიძემ.