
ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შუამდგომლობა გაუწია, რის შემდეგაც ის ენერგოკომპანია „საქროსენერგოში“ გენერალური დირექტორის იურიდიულ მრჩევლად დაინიშნა.
ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მის ოჯახს წლების განმავლობაში უწევდა ფინანსურ დახმარებას.
„ბატონო ბიძინა, ჩვენ ერთმანეთს 18 წელია ვიცნობთ და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე თქვენდამი ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, მე ვგრძნობ თქვენი მხრიდანაც პატივისცემას. მე რომ პოლიტიკაში 2012 წელს დავრჩი, ეს თქვენი დამსახურებაა, იმიტომ რომ თქვენ წლების მანძილზე მე და ჩემს ოჯახს ფინანსურად გვეხმარებოდით და იმ ადამიანების სიაში ვიყავი, რომელიც თქვენი დახმარებით სარგებლობდა.
დღეს, როდესაც მეორე ჯგუფის ინვალიდი და ნაწილობრივ შრომისუუნარო ვარ, თქვენი დახმარებით მიდგას პირში სული, იმიტომ რომ თქვენ რომ არ გაგეწიათ შუამდგომლობა ენერგოკომპანიაში მე მრჩევლის თანამდებობაზე სამსახურს ვერ ვიშოვნიდი, არ მექნებოდა 4 000 ლარი ხელფასი. ლაპარაკია კომპანია „საქროსენერგოში“ გენერალური დირექტორის იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე და ორ თვეში ერთხელ ვერ შევიძენდი 3 200 ლარის ღირებულების მედიკამენტს „რემიკეიდს“, რომელიც ჩემი სიცოცხლის გაგრძელებას უზრუნველყოფს და ეს მედიკამენტი მე მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მჭირდება.
ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, მაგრამ ჩემი ქვეყნის ნარკოლიბერალიზაციის, აზარტული თამაშების, პროსტიტუციის და ლგბტ ლიბერალიზაციის ცენტრად ქცევას მე ვერ შევეგუები და არ მიღირს ეს არც სამსახურად, არც ხელფასად, არც ასეთი ოჯახი მინდა, არც ცოლი და შვილები. მე ამ საკითხზე ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა.