"არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ"
ელზა პაპოშვილი
07.08.2018

 ვინ დგას რეალურად მედიაში გავრცელებული ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ტერორისტები საქართველოს ახმეტ ჩატაევისა და მისი მეგობრების დახოცვის გამო შურისძიებით ემუქრება. "რეზონანსთან" ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამის უკან შესაძლოა, კონკრეტული და მიზანმიმართული პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რომლის მეშვეობითაც ქართული სპეცსამსახურებისთვის ყურადღების გადატანა სურთ.

პანკისში "რეზონანსთან" არ გამორიცხავენ, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებსაც ჩეჩნებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების წარმოშობა სურთ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახლა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს საქართველოსთვის არ სცალიათ, რადგანაც მათი პოზიციები შესუსტებულია. მით უმეტეს ახმეტ ჩატაევთან დაკავშირებით შურისძიება საკმაოდ დაგვიანებული და ბუნდოვანია.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ვიდეოს ხელწერა "ისლამური სახელმწიფოსი" არ არის. მისი თქმით, ვიდეო, სავარაუდოდ, მოყვარულისა და დილეტანტის მიერ არის დამონტაჟებული, რომელიც ტელეფონის აპლიკაციით არის დამუშავებული და შემდეგ ატვირთული.

სალუქვაძე ამბობს, რომ ტერორისტების მიერ ატვირთულს ეს არ ჰგავს და, წესით, საქართველოს სპეცსამსახურებს არ უნდა გაუჭირდეთ დადგენა, საიდან მოხდა მისი გავრცელება.

ტერორისტების მუქარის ვიდეომასალას "პალიტრანიუსი" ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ვიდეო ქართული ტიტრებით, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიმდევრების დამზადებულია და ამ ვიდეოში ISIS-ი საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ვიდეო ორი კვირის წინ არის დამზადებული.

"ორი ძმა დაგვიხოცეთ (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატითა და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის!" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების პარალელურად უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს, სპეცოპერაციის შედეგად, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის პანკისელი ქისტი მალხაზ ტოხოსაშვილი დააკავა. ის წყნეთში აიყვანეს. ტოხოსაშვილი წყნეთში მუშაობდა კერძო დაცვის უფროსად.

მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებების ერთი ნაწილი კი სწორედ წყნეთში, იმ სახლიდან იქნა ამოღებული, სადაც დაკავებული მუშაობდა. წყნეთის სახლი, სადაც ტოხოსაშვილი მუშაობდა, ბიზნესმენ მინდია საბანაძეს ეკუთვნის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ტოხოსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთანაც ჰქონდა კავშირი, თუმცა ეს ბრალდების ოქმში ჯერ არ წერია. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს. ტოხოსაშვილს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და გენერალი ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეოს თუ დავაკვირდებით, მის მარჯვენა კუთხეში დავინახავთ, რომ ეს არის ანდროიდის სისტემაში დამუშავებული მასალა.

მას აწერია "ვიდეო შოუ", რომელიც ინტერნეტიდან თავისუფალი გადმოწერის რეჟიმით გადმოდის და მასში ვიდეოს დამოტაჟება ტელეფონით ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია. სალუქვაძე ამბობს, რომ ეს არ არის აისის-ის ხელწერა, რომლებიც მსგავს ვიდეომუქარებს უფრო მაღალი ტექნიკური საშუალებებით ამონტაჟებენ.

ანალიტიკოსის თქმით, უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს არის მობილურით ატვირთული მასალა და მისი დადგენა ჩვენი სპეცსამსახურებისთვის რთული არ უნდა იყოს.

"ნათლად ჩანს, რომ ვიდეო მობილურით არის ატვირთული და ეს მობილური რომელ სიმ კარტასა და ნომერთან არის მიბმული, რთული დასადგენი არ იქნება და ეს უკვე ჩვენი სპეცსამსახურების საქმეა.

"არაფერი არ არის გამორიცხული, ეს შეიძლება ახმეტ ჩატაევის იმ მომხრეების მიერ გაკეთებული მუქარა იყოს, რომლებიც საქართველოში არიან, თუმცა ამაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს და კონკრეტულად ერთი მიმართულებით რამის მტკიცება რთულია.

"არც ის არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ხელოვნურად დადგმული პროვოკაცია და პანკისის თემის აგორება. დროში ძალიან ემთხვევა მარია ზახაროვასა და მედვედევის განცხადებები, რომლებიც საქართველოს ნატო-ში გაერთიანების შემთხვევაში, პირდაპირ იმუქრებიან. ამიტომ ყველაფერს ამას უფრო მეტი დაკვირვება და კვლევა სჭირდება.

"ვერსიების გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ სპეცსამსახურებს შეუძლია. სუს-მა დააკავა ტოხოსაშვილი, რომლის ბინის ჩხრეკისას ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა იპოვა, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის ტელეფონიც იპოვონ, საიდანაც ამ ვიდეოს ატვირთვა მოხდა", - აცხადებს ანალიტიკოსი "რეზონანსთან".

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" დიდი ალბათობით გამორიცხავს, რომ ეს ვიდეო "ისალმური სახელმწიფოს" მიერ იყოს ატვირთული. მისი აზრით, ახლა აისის-ს საქართველოსთვის არ სცხელა და მას თავისი თავი გასჭირვებია.

ამიტომ არეშიძე ამ ვიდეოს უკან რუსულ სპეცსამსახურებს ხედავს და ფიქრობს, რომ ეს შეიძლება აგვისტოს ომის 10 წლისთავიდან ყურადღების გადასატანად იყოს დაგეგმილი. მისი აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ მათ მიერ რამე კონკრეტული პროვოკაცია მზადდებოდეს და ეს ვიდეო წინასწარ საზოგადოების განწყობისთვის იყოს მომზადებული.

"სრულიად შორის ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ამის უკან რეალურად "ისლამური სახელმწიფო" დგას. ახმეტ ჩატაევის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მათ თუ შურისძიება სურდათ, აქამდე იძიებდნენ.

"აისის-ი ახლა იმდენად დასუსტებულია, რომ მას საქართველოსთვის არ სცხელა. როცა ძლიერი იყო, მაშინ ჩვენს ქვეყანას არ შეხებიან და ახლა - მით უმეტეს, თუმცა ამ რისკების შეფასება და კონტროლი, რა თქმა უნდა, მაინც უნდა მოხდეს.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, რომელთა მეშვეობითაც აგვისტოს ომის 10 წლისთავის გადაფარვა სურდეთ. ყველაფერი გასაანალიზებელია და ამის ასე ადვილად შეხედვა მაინც არ შეიძლება. არც ის არის გამორიცხული, რომ აქ ჩატაევს თავისი მომხრეები ჰყავს, რომლებიც საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობენ", - აცხადებს მამუკა არეშიძე "რეზონანსთან".

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ვიდეოს უკან შესაძლოა, მიზანმიმართული პროვოკაცია იმალებოდეს და არ გამორიცხავს, რომ ვიღაცას პანკისში სიტუაციის დაძაბვა სურდეს.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგეს და ფიქრობს, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ყურდაღება უნდა გამოიჩინოს.

"ეს არ არის აისის მიერ გადაღებული ვიდეო. ვიცით, რომ მათი პოზიციები ახლა საკმაოდ დასუსტებულია და საქართველოსთვის მათ ნაკლებად სცალიათ. ეს ვიდეო იმით არის ყურადსაღები, რომ მგონია, სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაციაა. მის უკან, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იდგეს.

"ამიტომაც მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. არავინ არ იცის, მათ თავში რა შეიძლება მოუვიდეთ. მათთვის პანკისის ხეობა ყოველთვის კარგი სამიზნეა და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ", - აცხადებს ხანგოშვილი "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×