ფარსი და თამაში, რომელსაც საზოგადოება აღარ წამოეგება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები "რეზონანსთან" საუბარში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში ჩართვასა და მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ისინი მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ და საკუთარს არ დაასახელებენ.
პოლიტოლოგები ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს, ოღონდ არა საკუთარი რესურსით, არამედ "ქართული ოცნების" დახმარებით. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილი ათეულშიც ვერ მოხვდებოდა.
მათი განცხადებით, ზურაბიშვილი არ არის სტაბილური პოლიტიკოსი და ის "ოცნებას" შესაძლოა, სერიოზულ თავის ტკივილადაც ექცეს.
მათი აზრით, ეს იქნება "რეალითი შოუს" მსგავსი სანახაობა და ქართველი საზოგადოება სანახაობის მეტს აქედან ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებს. მათთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ზურაბიშვილის შერჩევა, რადგანაც ის არ არის მორჩილებით გამორჩეული ქალბატონი, რომლის ნიშნითაც ივანიშვილი კადრებს არჩევს.
ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, იყოს გარიგება, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ გუნდს ხელს არ შეუშლის.
ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩართვაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
"მინდა, გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ერთ დღეში არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანებაც.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს უკვე ჰყავს გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც მსგავსი თამაშები უკვე გავლილი აქვს და მისი მოტყუება ასეთი ადვილი აღარ არის.
ხუხაშვილისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" მსგავსი ფარსი და რატომ პირდაპირ არ ასახელებს, რომ ზურაბიშვილი მმართველი გუნდის კანდიდატია და პრეზიდენტად კენჭისყრა მან ივანიშვილთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზურაბიშვილი 2012 წლიდან, ფაქტობრივად, მმართველი გუნდის აქტივისტი და მისი ყველა გადაწყვეტილების "გამპრავებელი" იყო, ამიტომაც "ოცნებამ" მას ეს საქციელი დაუფასა და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ძალიან სასაცილო და უხარისხო სპექტაკლია, რაზეც საზოგადოება საკმაოდ კარგად ერთობა.
"გაუგებარია, რისი ერიდებათ და რცხვენიათ. თქვან პირდაპირ, სალომე ზურაბიშვილს დავუფასეთ ჩვენი აქტივისტობა და დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატადო. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ეყოლებათ, მაინც რა რცხვენიათ, ვერ გავიგე.
"ზურაბიშვილის გამკვირვებია, რომ ამბობს, ბევრი ვიფიქრეო, რა იფიქრა, კაცო? 2012 წლიდან იხვეწება, პრეზიდენტობა მინდაო. როდისღა იფიქრა, ბავშვობაში? მისი ოცნება პრეზიდენტობა იყო. ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.
"მაღალი ალბათობით, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს გამარჯვება იქნება არა იმიტომ, რომ მასზე საზოგადოება გადარეულია ან "ოცნებას" მოსახლეობაში კიდევ დიდი მხარდაჭერა აქვს, იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს ყველაზე დიდი რესურსი აქვს და ამ რესურსს მის სასარგებლოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხადაჭერის გარეშე ათეულშიც ვერ მოხვდებოდა", - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიცია უარეს დღეშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მოღვაწეობის 6 წელი ქართული საზოგადოებისთვის იქნება "რეალითი შოუ", სადაც ჩვენ ამტანების როლს შევასრულებთ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს იქნება მხიარული პროცესი, რითაც საზოგადოება კარგად გაერთობა. ხუხაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანასა და პოლიტიკაში არც არაფერი არ ხდება, მოსახლეობა სანახაობით მაინც დატკბება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია, რადგანაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ პრობლემას არ შეუქმნის და იქნება პრეზიდენტი, ვინც ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება.
ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილმა მისგან სწორედ ეს გარანტია მიიღო და მისი დღევანდელი გარდასახვაც ამის მანიშნებელია. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ის გამარჯვებას შეძლებს და პრეზიდენტი გახდება.
"ეს არის შეთანხმებული თამაში, სადაც მმართველმა გუნდმა მიიღო გარანტია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება და ის იქნება გარანტი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათ არანაირი წინააღმდეგობა მისი მხრიდან არ ექნებათ.
"იმ ფონზე, როდესაც "ოცნებას" არ აქვს რესურსი და სხვა ალტერნატიული კანდიდატი არ ჰყავს, ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთება მათთვის ცუდი არ უნდა იყოს.
"რაც შეეხება მის ხასიათს, არ მგონია, რომ მან ივანიშვილს რამე წინააღმდეგობა გაუწიოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს საკმაოდ სუსტი ბერკეტები აქვს და, ფაქტობრივად, უუფლებოა. ამიტომაც მას იურდიულად ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლება", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".