ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში ყიფშიძეების ოჯახი ცხოვრობს, მათი საცხოვრებლიდან გამუდმებით ისმის ტირილი და სასოწარკვეთილი ყვირილი. აქ სიღარიბე, უმწეობა და უიმედობაა გამეფებული.
მარტოხელა დედა, რომელიც მეუღლემ 16 წლის წინ მიატოვა, ზრდის 3 ქალიშვილს – სამივე მათგანი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული.
ნანა ასაკით დებს შორის ყველაზე უფროსია. იგი 29 წლისაა, არ აქვს მხედველობა და სმენა, ვერ ლაპარაკობს, არ შეუძლია გადაადგილება, მთელი დღე იმყოფება ეტლში და ტირის, მხოლოდ ხანდახან თუ ჩაეძინება.
ნონა 27 წლისაა. მხედველობა გააჩნია, თუმცა სმენა პრაქტიკულად არ აქვს, მიჯაჭვულია საწოლს, გამოსცემს ცალკეულ ბგერებს და ისიც ხშირად ტირის.
ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, ლელა, 16 წლისაა. იგი ცალკეულ ბგერებს გამოსცემს, თუმცა გადაადგილება შეუძლია. მას ხშირად ემართება შეტევები, რომლის დროსაც ხდება აბსოლუტურად უმართავი და აგრესიული, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ასე რომ, იგი ერთი წუთითაც არ დაიტოვება მარტო.
„ხშირად ვფიქრობ, რატომ დამსაჯა ღმერთმა ასე, თუმცა ამავე დროს, სწორედ ღმერთი მაძლევს იმის ძალას, რომ გავუძლო ამ ტრაგედიას და მოვუარო ჩემს შვილებს… 2015 წელს შემიჩერეს სოციალური დახმარება. ჯერ მითხრეს, ძროხა გყავსო და სოციალური დახმარება არ გეკუთვნისო, მერე მითხრეს, ქათმები გყავს და 4 ქათამი ერთ ძროხას უდრისო, ახლა მეუბნებიან, მიწები გაქვს და ფულს ვერ მოგცემთო. დიახ, მაქვს ნაკვეთები, ისევე, როგორც სოფლის ყველა მცხოვრებს, მაგრამ შემიძლია, მე ისინი დავამუშავო ან რამეში გამოვიყენო? მთელი დღე ავადმყოფ შვილებს ვუვლი, ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ მარტო…“, - ამბობს მაია ყიფშიძე.
ეს ოჯახი მწირი პენსიის ამარაა დარჩენილი, რომელიც წამლების, სპეციალური კვების, ჰიგიენური საშუალებების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით, რომ არაფერი ვთქვათ მასაჟის სეანსებზე ან რეაბილიტაციის კურსზე. მათ საკუთარი სახლიც კი არ გააჩნიათ.