ელზა პაპოშვილი
07.08.2018

 მკვლელობა სოფელ კოლხიდაში - 40 წლის მამაკაცს საკუთარმა მეზობელმა ყელი გამოჭრა. გარდაცვლილს 55 წლის თანასოფლელმა სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, მათ შორის ჩხუბი ყოფით ნიდაგზე დაიწყო. გარდაცვლილიც და მკვლელობაში ეჭვმიტანილიც მეზობელთან სახლში ქეიფობდნენ.

მათი ჩხუბიც სწორედ მეზობელთან სუფრასთან მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა თანასოფლელი სავარაუდოდ, სუფრაზე დადებული დანით მოკლა.

გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ჭრილობები კისრისა და გულ-მკერდის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მას ყელის მიდამოში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში მიყვანამდე სისხლდენით დაიცალა. გარდაცვლილის ცხედარი გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

„ძალიან კარგი ბიჭი იყო. უცნობია რა მოხდა მათ შორის და რის გამო დაიწყეს ჩხუბი. როგორც ხდება ხოლმე, მეზობელთან ქეიფობდნენ და რაღაც ყოფით ნიადაგზე სრულიად აბსურდზე იჩხუბეს. თავიდან არავინ მიაქცია მათ დავას ყურადღება. ჩათვალეს, რომ უბრალოდ კამათობდნენ. თუმცა ბოლოს ჩხუბი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გარდაცვლილს დაურტყამს და სწორედ ამის შემდეგ ბრალდებულს იქვე მაგიდაზე დადებული დანა აუღია. ეს ფაქტი არავის შეუმჩნევია, თორემ მას დანას ხომ წაართმევდნენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ეგონათ, რომ ხელს ურტყამდა, მაგრამ თურმე დანა ყელში და გულმკედის არეში დაურტყამს. მეზობლები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ დაჭრილი რომ იყო, როდესაც მისი ყელიდან სისხლი დაინახეს. თავადაც ერთი უთქვამს, მგონი დამჭრა მიშველეთო.

არ ვიცი ზოგი ამბობს, რომ თავად ჩაბარდა პოლიციას, ზოგი კი ყვება, რომ სახლიდან მოშორებით დააკავეს, გარბოდა. სანამ სასწრაფო მოვიდა, ამ საცოდავ ბიჭს იმდენი სისხლდენა ჰქონდა, რომ გონება შემთხვევის ადგილზევე დაკარგა",-აცხადებს გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი „რეზონანსთან".

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს" განუცხადეს, რომ რ.ჯ.-ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×