2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი," ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას".
2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად საქართველოს სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაეშვება.
„შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებდა საქართველო გასული 10 წლის განმავლობაში და როგორია ქვეყნის სტრატეგია, პრეზიდენტის თქმით, სტრატეგია ასეთია - „საქართველომ ზუსტად იცის რუსეთის გეგმები, რომელიც დაიწყო დამოუკიდებლობიდან პირველივე დღეს და ეს არის საქართველოს შეჩერება რაიმე მექანიზმით, რაც სირთულეს შეუქმნის ქვეყანას".
"სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს უმძიმესი დღეები გამოიარა. მისივე თქმით, ქვეყანა უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით კი საქართველოს ინტერესში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირებაა საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე.
მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში პროვოკაციების ფონზე საქართველომ შეძლო და დაამტკიცა, რომ ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოა და შესწევს ძალა, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად მიაღწიოს წარმატებას.
მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხი მავთულხლართებზე, ხელოვნურ ბარიერებზე, ოჯახების გაყოფასა და ე.წ. გამშვებ პუნქტებზე არის თამამი სამშვიდობო ინიციატივები.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს დღეებმა ტკივილთან ერთად, ჩვენი გმირების გამო სიამაყის გრძნობაც დაგვიტოვა
"აგვისტოს დღეებმა დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი და მძიმე მოგონებები ომის შესახებ, ადამიანური ტრაგედიების შესახებ, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა ასევე დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რომელიც პირველ რიგში ჩვენს გმირებს უკავშირდება. დღეს ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა 10 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ვალი უნდა მოვიხადოთ მათ წინაშე და ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის" - აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის, პავლო როზენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. „ის არის პირდაპირ აგრესორი".
მისივე თქმით, ახლა რუსეთი იყენებს არა საბრძოლო აგრესიას, არამედ იყენებს ჰიბრიდულ ომს, რაც ყველანაირ საარჩევნო პროცესსა და ევროპის საქმეებში ჩარევაში გამოიხატება. ამასთან, პავლო როზენკოს თქმით, რუსეთის მიზანია, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სრული ექსპანსია.
როზენკოს ინფორმაციით, საქართველო არასდროს იქნება მარტო, რადგან უკრაინა ყოველთვის მის გვერდითაა.
აგვისტოს ომის შემდეგ 10 წლისთავს რუსეთიც გამოეხმაურა.
"2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე თბილისი და სხვა დედაქალაქები უნდა მიხვდნენ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია" - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააკეთა. მისივე თქმით, დღეს საქართველომ თავისი გადაწყვეტილება უნდა ინანოს.
„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო მმართველების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთში სისხლიანი აგრესიის შემდეგ, მან სრულიად ახალი რეალობა მიიღო, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოების წარმოშობაში გამოიხატება. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს ვანვითარებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.