მარიამ კუპატაძე
07.08.2018

 წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ.

ასეთ პირებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვისაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებული. თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, ალტერნატიული სამსახურის დასაწყებად, წვევამდელის სურვილის გარდა სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაცაა საჭირო.

„მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ არ წავიდეს ჯარში და მოიხადოს ალტერნატიული სამსახური. აქ ასევე არის გარკვეული ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს. ალტერნატიულ სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანები, ვისაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ უნდათ. ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს იძულების ხასიათი არ ექნება და წვევამდელის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ალტერნატიული სამსახური 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის გაწვევის დაწყების დროს, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ალტერნატივა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, რათა ვიმუშაოთ იმ ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად, სადაც ეს მეთოდი წარმატებულად მოქმედებს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

„წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში შექმნილია კომისია, რომელიც წვევამდელების ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობს.

„თავდაცვის სამინისტრომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად უკეთესი პირობები მიგვეცა წვევამდელებისთვის, რაც ცალკეულ კონკრეტულ ინიციატივებში გამოიხატა. თუმცა, გლობალურად, წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და აქედან გამომდინარე, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში. ამ მიზნით შეიქმნა კომისია და ახლო მომავალში წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელების ნაწილმა ჯარს თავი გირჩის მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა.

2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიეს, საიდანაც 5 914-მა დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახური, 4 406-მა კი გადასავადებლად - ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის ცნობა გამოიყენა.

საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

„გირჩის" ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, 8 320 მოწმობა აქვთ გაცემული.

პარტიამ სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების გასათავისუფლებლად „ბიბლიური თავისუფლება" 2017 წლის მარტში დააფუძნა.

როგორც "გირჩში" აცხადებენ, აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებად აღიარებას, რაც არც ერთ სხვა რელიგიურ კონფესიასთან არ მოდის წინააღმდეგობაში; მათი პრინციპული პოზიციაა, რომ დაეხმარონ მხოლოდ თანამოაზრეებს და არა ჰომოფობებს ან ფაშისტებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×