რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავზე რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების ლიდერებისა და ევროკავშირის სოლიდარობის გამომხატველი და მხარდამჭერი განცხადებები ვრცელდება.
ამ ათ წელიწადში საქართველოსთვის რა შეიცვალა და სოლიდარობის გამომხატველი განცხადებების მიღმა შეგვიძლია თუ არა სხვა მნიშვნელოვანი რამ მიიღოს სახელმწიფომ, ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი"ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ რუსეთთან არსებობს დაძაბული ურთიერთობა და ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს, რაზეც რუსეთს "საკმაოდ ხისტი" რეაქცია აქვს.
"რუსეთთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, რეაგირება კი - საკმაოდ გართულებული. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს თვალს ვადევნებთ. სანქციებს აწესებს აგრეთვე ევროკავშირიც.
"ეს ხდება საქართველოსთვის და ასევე ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ყირიმის ანექსიის შემდეგ. რუსეთის რეაქციას ვხედავთ, ის საკმაოდ ხისტია ამ საკითხებთან მიმართებაში. ყირიმის ანექსიის შესახებ საუბრობენ, რომ ამ ეტაპზე ეს თემა რუსეთისთვის დახურულია.
"2018 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ითანამშრომლებენ ოკუპირებულ რეგიონებსა და მარიონეტულ რეჟიმთან, ვერ მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას", - აღნიშნა მან.
სალუქვაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოზიციის დაფიქსირება, რადგან ამ ყველაფრის ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაღიარების პოლიტიკას.
"აქ მთავარია, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები გარკვეულ დამოკიდებულებას გამოხატავენ; ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული, რადგან თუ აღიარების პროცესი რუსეთმა წარმატებით განახორციელა, მაშინ ჩვენ საკმაოდ გაგვირთულდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
"ეს პროცესი ხანგრძლივია და ეს ყველას უნდა ესმოდეს; ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა.
"მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ მუდმივად მხარს გვიჭერენ როგორც გაერო-ში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ძალიან დიდი ალბათობით, თავის სიტყვებს უკან არ წაიღებენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილი იქნება", - აცხადებს ის.
მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს და სკეპტიკური განწყობა ამ ყველაფრის მიმართ არ ივარგებს, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს "სხვა არჩევანი" არ აქვს.
"ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მეორე მიმართულება და ჩვენ ეს კურსი უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად ამ პროცესის მიმართ სკეპტიციზმისა. განსაკუთრებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, რომელიც ბრიუსელის სამიტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაისმა. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მიმართ მინდა ვთქვა, რომ სხვა არჩევანი საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია.
"მე არ ვარ დიალოგის წინააღმდეგი, პირიქით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რუსეთთან დაძაბული ვითარების განმუხტვა არის აუცილებელი და ჩვენ ახალ გაუგებრობაში არ უნდა გავეხვეთ. ამასთან ერთად, უნდა გაგრძელდეს აქტიური საგარეო პოლიტიკა ყველა მიმარულებით", - აღნიშნავს ის.
მისი განცხადებით, დაძაბული ვითარების ფონზე, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს, აუცილებელია დიალოგის წარმართვა და რუსეთი ცდილობს, სწორედ, ტრამპთან ურთიერთობა მოაგვაროს და ის პოლიტიკა, რაც რუსეთის მიმართ არსებობს ამერიკის მხრიდან, შეარბილოს.
"საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით რუსეთთან რამე დიალოგი უნდა წარიმართოს, რადგან იგი აუცილებლობასაც კი წარმოადგენს ამ დაძაბული ვითარების ფონზე. მე ვგულისხმობ იმ ვითარებას, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობს.
"რუსეთს აქვს მცდელობები, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, კონკრეტულად ტრამპთან, როგორმე შეარბილოს ის სიტუაცია, რასაც რუსეთი ამერიკის მხრიდან განიცდის.
"რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული სანქციები არსებობს "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან და რუსეთის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ეს სანქციები მაქსმიმალურად შეარბილოს და ეს სანქციები ზუსტად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერისთვის არის, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესარბილებლად და შესაჩერებლად", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.