"ხალხი მომიგზავნეს, მირჩიეს, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. არ გამოვრიცხავ, ჩემი დაკავებაც მოხდეს. თავიდან მოშორება უნდათ, თუმცა მგონია, რომ ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იზამენ. იციან, ხეობაში ამას კარგი არაფერი მოჰყვება", - აცხადებს "რეზონანსთან" მალხაზ მაჩალიკაშვილი.
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე და სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მალხაზ მაჩალიკაშვილს დუისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ. მათი განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უსაფრთხოების სამსახური გარკვეული სახის პროვოკაციებს აპირებს და არ არის გამორიცხული, ამისთვის პანკისიც გამოიყენონ.
ისინი მაჩალიკაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობდნენ. ამის შემდეგ, მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ხაზი სამომავლო გეგმებსა და იმ მოსალოდნელ საფრთხეებს გაუსვეს, რომლებიც შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზოგადად, მათ მიმართ განახორციელონ.
მაჩალიკაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ორი დღის წინ მედიაში გამოჩენილმა ვითომცდა აისისი-ს მებრძოლების მუქარამ, მას ნათლად დაანახვა, რომ მის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედება დაიწყო. მისი განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური ცდილობს, რომ გარკვეული პროვოკაციებისთვის საზოგადოებისა და კერძოდ პანკისელების განწყობა მის წინააღმდეგ მოამზადოს.
ის ამბობს, რომ მიუნხენში გამგზავრების ჩაშლის შემდეგ, ვიდეოს გავრცელება დროში საეჭვოდ დაემთხვა, მით უმეტეს გამოჩნდა, რომ ეს ვიდეო ტელეფონით მოყვარულის მიერ არის დამონტაჟებული. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ტოხოზაშვილი პანკისიდან არის, ის მას არ იცნობს, რადგანაც ხეობიდან დიდი ხნის წასულია.
მაჩალიკაშვილი არც იმას არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი იყოს ის პირი, ვისაც მის წანააღმდეგ გამოიყენებენ. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მასთან რამდენჯერმე სხვადასხვა პირი მიაგზავნეს, რომლებმაც ქვეყნის დატოვება ურჩიეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უწყების მუქარა გადასცეს, სადაც სრული განადგურებით ემუქრებიან.
"პანკისშიც არსებობს განწყობა, რომ ხეობაში რაღაც პროვოკაციებს აპირებენ. მოსახლეობა ჩემთან საუბარში ამბობს, რომ ეს შესძლოა, ჩემ დასაკავებლად მომზადებული ქმედებები იყოს, რასაც შემდეგ მე დამაბრალებენ.
"მიუნხენში ჩაშლილი შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველა ხერხით ჩემ გაჩერებას აპირებენ. ეს ვიდეო მათივე დამონტაჟებულია და ცეცხლს ეთამაშებიან. ჩემთან ბრძოლაში ხეობისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს დააზიანებენ.
"ამდენსაც ვერ ხვდებიან, რომ რუსებს ამ ქმედებებით საბაბს აძლევენ, რომ თითქოს პანკისში ტერორისტები არიან. შევარდნაძის დროს, როცა მართლა ტერორისტები იყვნენ, ის პირიქით ამბობდა და ვერავინ უმტკიცებდა, რომ მართლა იყვნენ.
"ესენი კიდე ამ ტყუილებს თავადვე იგონებენ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ ქმედებებს სჩადიან. მათგან გამორიცხული არაფერია, თუმცა მგონია, რომ ჩემ დაკავებას უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ", - აცხადებს მაჩალიკაშვილი "რეზონანსთან".
მისივე თქმით, ადვოკატებმა ორშაბათს სტრასბურგში საბუთების ნაწილი უკვე გადაგზავნეს. ასევე სარალიძესთან ერთად აპირებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მიუნხენში უნდა შეხვედროდნენ, საქართველოში ჩამოიყვანონ.
ზაზა სარალიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით უახლოეს დღეებში დააკავონ. მისი აზრით, ამის თქმის საფუძველს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იძლევა.
"მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან დიდ საფრთხეშია და არა მარტო მალხაზ მაჩალიკაშვილი. შესაძლოა, მეც საფრთხეში ვარ. მე დღესდღეობით საქართველოში დაცულად ვეღარ ვგრძნობ თავს. მალხაზ მაჩალიკაშვილზე შესაძლებელია, უკვე განხორციელდეს სამართლებრივი დევნა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.