პირი, რომელიც აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში ვიდეო-კამერით შეიჭრა, ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტი გრემ ფილიპსი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც ადრე უკრაინაში ტელეარხ „Russia Today"-ის შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდა. უკრაინაში მუშაობის დროს ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ის ორჯერ დააკავა. 2016 წელს ფილიპსი რიგაში ლატვიურმა პოლიციამაც დააკავა.
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.
„ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. საელჩოში შემოიჭრა ვიღაც ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ის იყო „სპუტნიკის" წარმომადგენელი, რომელიც პროვოკატორია და ადრე, უკრაინელების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზეც ასე შევარდნილა. იქცეოდა გამომწვევად. იმდენად აგრესიულად იქცეოდა და იმდენად იწვევდა ხალხს, რომ ეტყობოდა, უნდოდა, ვინმეს დაერტყა. გვეუბნებოდა, რომ ნატოს ზომბები ვართ, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ოსეთი დაბომბა და ამბობდა, რომ ეზიზღება „ქართული ფაშიზმი".თან, ამ ყველაფერს იღებდა. საელჩოდან დარეკეს პოლიციაში და ეს ადამიანი წაიყვანეს. ამავე ღონისძიებაზე იყო კიდევ ორი ადამიანი, რომლებმაც მას შემდეგ დაიწყეს სიტყვიერი შემოტევა, რაც პირველმა დაიწყო ხალხის გამოწვევა" - თქვა თამარ კარელიძემ.