პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ხვალ შეწყალების თხოვნით მიმართავენ. როგორც ერთ-ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, პარალელურად საქმის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოშიც მოხდება.
„საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება, საქართველოში არ არის დამოუკიდებელი მოსამართლეები და ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ სისტემა არაფრის გამკეთებელია და ქვეყანაში სამართალი არ არის.
„უკანონო განაჩენი, რომელიც დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება და პროცესი უკვე დასრულებული იქნება, როდესაც ჩვენ ამ საჩივარს ევროპულ სასამართლოში წარვადგენთ," - აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე განცხადებას ხვალ შეიტანენ, რომელიც დანაშაულის აღიარებას არ გულისხმობს, რადგან, მისი თქმით, ამ საქმეში დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავე არ არის.
„პარალელურ რეჟიმში პრეზიდენტთან ჩვენ შეგვაქვს განცხადება შეწყალების თაობაზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - შეწყალებას ჩვენ იმის საფუძველზე კი არ ვითხოვთ, რომ ვითომდა დანაშაულს ვაღიარებთ. ჩვენ არაფერს ვაღიარებთ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით მამა გიორგი არის უდანაშაულო.
„იგი არის პირადი პატიმარი საპატრიარქოში მყოფი გარკვეული ჯგუფისა. სტრასბურგის სასამართლოს გარკვეული პერიოდი სჭირდება საქმის განსახილველად და უბრალოდ, გვინდა, რომ მამა გიორგი სანამ სამართლიანი გადაწყვეტილება სტრასგურგიდან ჩამოვა, რომელიც ერთი სასირცხვილო ფურცელი იქნება ჩვენი ე.წ. მართლმსაჯულებისა, გვსურს, რომ მამა გიორგი იყოს თავისუფალი," - აცხადებს ის.
რამიშვილი იმედოვნებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნება, რადგან აცხადებს, რომ იგი ხალხის რჩეულია და საზოგადოებას იმედებს არ გაუცრუებს.
„ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც დარჩა, მართლმსაჯულებას თავი რომ დავანებოთ, არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და როგორც მახსოვს „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც დაფიქსირებული იყო საქართველოში მაცხოვრებელ პირთა ცალსახა პოზიცია, რომ მამა გიორგი უნდა იყოს შეწყალებული.
„მე ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი და არ იქნება ვინმეს მოვალე, რადგან იგი ხალხის რჩეულია და მგონია, რომ ღირსულ გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი მამა გიორგის შეიწყალებს," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.