სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.
ადვოკატმა ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს აქვს მყარი საფუძველი, რათა მათ სისწორეში ეჭვი შეიტანოს. კობაიძემ ერთ-ერთ „ალოგიკურ დასკვნად" რაიან სმიტთან მიმართებაში ჩატარებული შემოწმების შედეგები დაასახელა.
„საქმეში არის სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის არის კობაურის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არის მოკლული რაიან სმიტის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში ბევრი ქაოსი და არეულობაა. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ექსპერტიზები არასწორად არის ჩატარებული", - განაცხადა კობაიძემ.
მისივე თქმით, „მალხაზ კობაური ხუმრობს კიდეც - როდესაც ექსპერტიზაზე მიმიყვანეს, მითხრეს, შენ კი არ უნდა მოეყვანე ექსპერტიზაზე, ის უნდა მოეყვანათ, ვინც შენ აქ გამოგიშვაო". კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ბრალდებულის შერაცხადობას დაადგენს.
„რაც შეეხება ფსიქიკურ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, მასზე ამ დრომდე მიმდინარეობს დაკვირვება. კარგია, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზა ტარდება, რადგან ცალსახად დადასტურდება, რომ კობაური არის ჯანმრთელი და გამორიცხულია, რომ ჯანმრთელ ადამიანს ეს დანაშაული მარტოს ჩაედინა. თვითონ ამბობს, რომ შერაცხადი ვარო და ხუმრობს კიდეც - როდესაც ექსპერტიზაზე მიმიყვანეს, მითხრეს, შენ კი არ უნდა მოეყვანე ექსპერტიზაზე, ის უნდა მოეყვანათ, ვინც შენ აქ გამოგიშვაო. თავიდან ის ნამდვილად არ იყო ასეთ განწყობაზე და მუდმივად თავი ჰქონდა დახრილი, მაგრამ საქმეში ჩვენი ჩართვის შემდეგ, უფრო ლაღი გახდა და ცდილობს, გამოკვეთოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც რეალურად ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ადვოკატმა.
ლექსო კობაიძის ინფორმაციით, დაცვის მხარე არ დაელოდება ბრალდების მხარეს, მალხაზ კობაურს გამოკითხავს და კობაურის ნებართვის საფუძველზე, მისი ჩვენება საჯარო გახდება. ადვოკატის თქმით, ბრალდებული „კატეგორიულად უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას და სექსუალურ აქტს".
როგორც ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, მალხაზ კობაური, არა თუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა.
ადვოკატი, საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობაში დაახლოებით შვიდი პირი ფიგურირებს.
მისივე თქმით, საქმის მასალებში, არაერთი გარემოება აჩენს კითხვის ნიშნებს, მათ შორის, მტკიცებულებების სახით ამოღებული ფოტოები, რომელიც მალხაზ კობაურის ტელეფონში აღმოჩნდა.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვინ გადაადგილდებოდა მკვლელობის დროს იმ ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.
„ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი ვერსიის სისწორეს დაადგენს. ფაქტია, რომ დღესდღეობით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი, რომ კობაური აღნიშნულ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ის არის მთავარი მოწმე. სამწუხაროდ, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ ბრალდებულის პოზიცია სხვანაირად გაამყაროს", - განაცხადა კობაიძემ.