2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე დისკუსიის მთავარ თემას ომის დამწები მხარის პოვნა წარმოადგენს; რომელი მხარეა დამნაშავე და ვინ დაიწყო ომი, - რუსეთმა თუ საქართველომ. ამ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იმდროინდელი მმართველი გუნდი დაადანაშაულა.
"საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის დროს განაცხადა,
ამ ყველაფრის ფონზე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების რა შანსები აქვს და რამდენად არის შესაძლებელი იგი პრეზიდენტის რანგში ვიხილოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" პოლიტოლოგებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სკეპტიკურ განწყობას არ მალავს და აცხადებს, რომ ზურაბიშვილი კონკრეტულ პარტიას ადანაშაულებს, რაც საბოლოოდ სახელმწიფოებრივ პრობლემად აღიქმება და საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში დაუშვებელია.
„მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი მის მიმართ, რადგან მას აქცენტები აქვს არა საქართველოზე, არამედ პოლიტიკური ჯგუფი შეცდომებზე, რაც გასაგებია, რომ ირიბად საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრივი პრობლემაა, მაგრამ მაინცდამაინც საქართველოს ბრალს ნუ დავდებთ," - აღნიშნა მან.
ხუხაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს, მას გამარჯვების სერიოზული შანსი ექნება, მაგრამ თუკი ეს არ მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, როგორც დამოუკიდებელი კანდიდიდატის, საკმაოდ დიდი შანსის მქონეა.
„მისი განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში არამგონია, რომ რაიმე კომპრომატად ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან თუკი მას ექნება ხელისუფლების მხარდაჭერა მთელი სახელმწიფოებრივი და ორგანიზაციული რესურსით, მაგრამ მისი არარსებობის პირობებშიც მას საკმაოდ მაღალი შანსი აქვს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ეჭვი სააკაშვილის მიმართ გამართლებულია, რადგან ამის საფუძველს მის მიერ გატარებული პოლიტიკა იძლევა, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც.
„ის ადანაშაულებს სააკაშვილის ხელისუფლებას და ბევრი რამ იძლევა იმაზე დაფიქრების საფუძველს, თუ რა როლი ჰქონდა ამ კონფლიქტის გაღვივებაში სააკაშვილს და ხომ არ აუბა მან მხარი რუსეთის ინტერესებს, რადგან ბევრ ფრონტზე და მათ შორის უკრაინაშიც გაჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილი შეიძლება რუსეთის ინტერესებს ატარებდა. რა გარანტია გვაქვს, რომ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს არ ატარებდა საქართველოშიც.
„ამ ეჭვისკენ იხრება ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი; რუსეთის ინტერესი იყო, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს ინტერესი ასე გულუბრყვილოდ რატომ გაიზიარა. მე არ მიმაჩნია, რომ ეს უადგილო შეკითხვაა, რადგან ასევე მაფიქრებს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მხოლოდ რიტორიკულად ებრძოდა რუსეთს და დანარჩენი ყველაფერი დაუთმო. გააკეთა ყველაფერი, რაც რუსეთის ინტერესებში იყო," - აცხადებს ის.
საყვარელიძის განცხადებით, ზურაბიშვილის კანდიდატურას თუკი „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს მას გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსი ექნება, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშეც იგი საინტერესო და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს, მისი „კავშირებიდან" გამომდინარე.
„სალომე ზურაბიშვილს მხარს თუკი „ქართული ოცნება" დაუჭერს, მას მნიშვნელოვანი შანსი ექნება, მაგრამ თუ ეს მხარდაჭერას არ ექნება, რაც გამორიცხული არ არის, ის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, რადგან ბევრი კავშირების თვალსაზრისით, საინტერესო პერსონა შეიძლება იყოს პრეზიდენტის პოსტზე," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.