2018 წლის 1-ელი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.
ინსპექტირების შედეგად, 41 998 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული იყო, 13 360 საშუალება კი - დახარვეზდა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, განმეორებითი ტესტირება 9 655-მა ავტომობილმა გაიარა, საიდანაც განმეორებით 440 სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა.
ამასთან, ტექნიკური ინსპექტირების ოფიციალური ვებგვერდის (pti.ge) მონაცემებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, ინსპექტირების შედეგად, გზაზე გადაადგილება 1 539 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.
„განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზეტესტირების ცენტრებს 9 655 -მა მიმართა. 3 705 სატრანსპორტო საშუალებამ კი განმეორებითი შემოწმება არ გაიარა. 1 539 სატრანსპორტო საშუალებას გზებზე მოძრაობა საერთოდ აეკრძალა", - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
ტექნიკური ინსპექტირება ამჟამად ვრცელდება მიკროავტობუსებზე, ავტობუსებზე, სატვირთო, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილებზე.
ოქტომბრიდან ტექდათვალიერების გავლა 3,0-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო.
მთელს ავტოპარკზე სავალდებულო ტექდათვალიერება კი 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია.
თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა.