ირანზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, ნავთობის ფასმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბოს. ასეთი პროგნოზი ენერგეტიკის საერთაშორისო ბაზრების მკვლევარი ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის, "ენერჯი ასპექტის" ანალიტიკოსმა, ამრიტა სენიმ ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„რაც უფრო ვუახლოვდებით წლის მეოთხე კვარტალს, სულ უფრო იკვეთება რისკი, რომ ნავთობის ფასი გასული საუკუნის 80-იანი და შესაძლოა, 90-იანი წლების მოცემულობისკენ წავიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა მოცულობის ირანულ ნავთობს დავკარგავთ“, - განცხადა სენიმ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, ნავთობის ბაზარზე მიწოდების დიდი დეფიციტი შეიქმნას, რაც ფასის ზრდას გამოიწვევს.
როგორც ცნობილია, 6 აგვისტოს ძალაში შევიდა აშშ-ის სანქციების ნაწილი ირანზე და ინვესტორები უკვე განიხილავენ პოტენციურ ფაქტორებს, რასაც ნავთობის მიწოდებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ნავთობის ფასი მიმდნარე წლის მაისში ბარელზე 80 დოლარს უკვე გადაცდა, მაგრამ ივნისში რუსეთი, „ოპეკის“ ლიდერი სახელმწიფო საუდის არაბეთი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები აგვისტოდან, დღიური წარმოების მილიონი ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, ფასი 7 პროცენტით დაეცა.