პოლიტოლოგი გია ხუხაშვილმა ამბობს, რომ შეიძლება ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი გამოსავალი პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა იყოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. თუ გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ არის სარისკო, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ შეეგუება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ან მეორე ნაწილის გამარჯვებას, მას მოუწევს სერიოზული გადათამაშება.
„გამომდინარე იქედან, რომ ზურაბიშვილს ჰყავს თავისი ლობისტები, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ასეთი კომპრომისი შედგა - მიეცა პირობა, რომ მხარს დაუჭერდნენ, თუმცა არ მისცემია გარანტია. დააკვირდება „ქართული ოცნება“ როგორ გაივლის სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს თვეს დამოუკიდებელი კამპანიით და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიციაზე.
პიროვნულად სალომე ზურაბიშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. ეს თვითონ „ქართული ოცნებისთვის“ მუდმივად იქნება თავის ტკივილი. სალომე ზურაბიშვილმა რაღაც თქვა და მთელი „ქართული ოცნება“ თავს იმართლებდა, ანუ მის ყველა განცხადებაზე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმართლოს თავი, რაც ყველასთვის მიუღებელია, მისი ჩარჩოში ჩასმა კი შეუძლებელია“, - აღნიშნა „აიპიენთან“ ხუხაშვილმა.