კლუბ „ბასიანის“ მიერ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებისადმი პროტესტის ნიშნად შექმნილი ფოტოკოლაჟის ავტორი დავით აბზიანიძე გუშინ „ბასიანში“ არ შეუშვეს. კლუბის ხელმძღვანელობა ამას იმით ხსნის, რომ აბზიანიძის კლუბში შესვლა „ბასიანში“ მყოფი მოქალაქეებისთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა.
აბზიანიძის საპროტესტო პოსტერზე, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კლუბ „ბასიანის“ ლოგო - ანტიკური საბრძოლო მუზარადი აქვს მორგებული. „რეზონანსის“ ინფორმაციით, გუშინ „ბასიანის“ დაცვამ კლუბში კიდევ რამდენიმე მოქალაქე არ შეუშვა, რომლებიც სოცილურ ქსელებში „ბასიანის“ მიერ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიების გამო აქტიურად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. ამ სოციალური პროტესტის გამო კლებმა საბოლოო ჯამში მოსკოვში დაგეგმილი ივენთი გააუქმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი“ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთ დამფუძვნებელს ზვიად გელბახიანს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული პირი, დათო აბზიანიძე კლუბში მის მიერ „ბასიანის“ დისკრედიტაციის გამო არ შეუშვეს.
„იქ იმყოფებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც „ბასიანის“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა და გული შესტკიოდა. აბზაინიძე იმიტომ ვერ მოხვდა იმ რიცხვში, რომ მისი კრიტიკა უკვე ზიზღსა და მიზანმიმართულ თავდასხმაში იყო გადასული; მან „ბასიანს“ რუსეთისაგან დაფინანსებულ კლუბი უწოდა, შესაბამისად, კლუბში იმყოფებოდა ის ხალხი, ვინც იმ აზრს, რომ „ბასიანი“ პუტინისაგან დაფიანასებული კლუბია, არ იზიარებდა.
„არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის აბზაინიძის იქ მისვლა დისკომფორტი იქნებოდა, რადგან ადამიანი ფიქრობს, რომ რუსეთის აგენტები არიან კლუბის მესვეურები. მისი მხრიდან ეს იყო პროვოკაციული გამოსვლა, ვიდრე სურვილი, რომ კლუბში შესულიყო,“ - აღნიშნა გელბახიანმა.
მისივე განცხადებით, კლუბში ასეთი პირების შეშვება-არშეშვების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა და ფეისკონტროლმა გადაწყვეტილება დათო აბზიანიძის კლუბში შეშვების საკითხზე შესაძლოა მომავალში განიხილოს მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ უარყოფითად იყო განწყობილი „ბასიანის“ გადაწყვეტილები მიმართ.
„ჩვენი გადაწყვეტილებით იქ მყოფი ჩემი მეგობრები გულწრფელად გულნატკენი იყვნენ, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ მათ გამო გადაწყვეტილება შევცვალეთ. მესმის კრიტიკა, მაგრამ არსებობს ზღვარი კრიტიკასა და ზიზღს შორის.
„აბზიანიძეს რატომ ჰქონდა სურვილი მისულიყო კლუბში გასართობად მაშინ, როდესაც სხვანაირად ფიქრობს?! ასეთი ადამიანების არშეშვება ასე დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. სავარაუდოდ, ფეისკონტროლი მომავალში აბზიანიძის შესვლის გადაწყვეტილებასაც გადახედავს“, - განაცხადა ზვიად გელბახიანმა.