ელზა პაპოშვილი
12.08.2018

 11 აგვისტოს გამთენიისას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხში ორი მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილები თბილისიდან არიან, რომლებიც ნინოწმინდაში, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი სოფლის მცხოვრებმა გ.მ.-მ მაშინ დახოცა, როდესაც  მასთან  სტუმრად იმყოფებოდნენ. 

„რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი მომხდარის დეტალებს უყვება და ამბობს, რომ  მამაკაცები საქეიფოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეგობარმა მიიპატიჟა. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ სუფრაზე მოხდა.

მასპინძელსა და ერთ-ერთ სტუმარს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც  ადგილობრივები ამბობენ, თბილისელმა სტუმრებმა მასპინძლის ცემა დაიწყეს. ამის შემდეგ კი გ.მ.-მ, სავარაუდოდ, სუფრაზე დადებული  დანა აიღო და სტუმრებისგან თავის დაცვა სცადა. მან ორივე გარდაცვლილს, დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალნენ. 

„ორივე გარდცავლილი თბილისიდან არის. როგორც ინფორმაცია გვაქვს, ისინი აქ მშენებლობაზე მუშაობდნენ. ეს ბიჭები გ.მ.-ს მეზობელმა  ე.ც.-მ დაპატიჟა.  როგორც ვიცი, ერთად მუშაობდნენ. 

„ჩხუბი რატომ დაიწყო, არავინ  იცის. რაღაც ყოფით ნიადაგზე შეკამათებულან. ყველა მთვრალები იყვნენ და ნასვამებმა დაჩეხეს ერთმანეთი. როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის ახლობლები ამბობენ, სტუმრები მასპინძელს სცემდნენ და ის თავს იცავდა. 

„რა ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ სახლში რომ ხალხი მიიპატიჟა და შემდეგ დახოცა, ეგ კი ნამდვილად ჩანს. გ.მ.-ს ჯერ ერთ გარდაცვლილთან მოსვლია შეკამათება და მეორე დახმარებია. ორივეს დანით მძიმე ჭრილობები აქვთ მიყენებული. სანამ სასწრაფო მოვიდა, ადგილზევე გარდაიცვალნენ“, - აცხადებს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობელი „რეზონანთან“ საუბრისას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

„პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც.-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. 

„რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ.-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

„სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

„ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×