უამინდობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილება ისევ აიკრძალა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დაგუბებული ტბა აადიდა და გზა დაფარა. ახმეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით, დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„დაზიანებულ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. უხვმა ნალექმა ტბის დონე გაზრდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. მოსახლეობას თხოვნით მივმართავთ და ვაფრთხილებთ, რომ თავი შეიკავონ თუშეთში გადაადგილებისგან, ვიდრე არ გამოიდარებს", - განაცხადა ახმეტის მერმა.
11 აგვისტოს, სტიქიის ზონებში სამაშველოს დამატებითი ძალები თბილისიდან და ქუთაისიდან გაიგზავნა.
თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე ამ დრომდე რთული ვითარებაა. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, სოფელ ლეჩურთან მაღალი გამავლობის 30-მდე მანქანაა გაჩერებული.
შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმს ვარაუდობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.
შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. შესაბამისად ცურვა აკრძალულია. 10 აგვისტოს, ქობულეთში, მახინჯაურსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.