"ქართულ ოცნებაში" პრაქტიკულად უკვე ღიად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას შესაძლოა, მხარი არ დაუჭირონ. ეს პოზიცია ზურაბიშვილის მიერ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიცვალა.
"თუ ზურაბიშვილს დახმარებას არ გაუწევს რომელიმე სხვა პარტია ან ბიზნესმენები, შანსები ძალიან ცოტა აქვს, რადგან პარტიული სტრუქტურა თავისი არ აქვს, არც თვითონ არის შეჩვეული საარჩევნო ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, წარმატებები ამ ბრძოლაში არ მოუპოვებია და, როგორც ჩანს, ეს მისი ძლიერი მხარე არ არის.
"ძირითად პირობას იმისას, რომ ზურაბიშვილმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, წარმოადგენ ის, რომ მას უნდა დაეხმარონ", - "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"მთელი კვირა": რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას როგორ შეაფასებთ?
რამაზ საყვარელიძე: მან ხაზი გაუსვა, შემდგომ განცხადებაში კი მკაფიოდ გამოკვეთა, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, ხელი შეუწყო ამ ომს. თუ ის პროვოკაციას წამოეგო, ეს არ ნიშნავს, რომ პირველმა გაისროლა. საკითხის დაყენება, თუ ვინ გაისროლა პირველად, არც ჩვენი მხრიდან და არც მსოფლიო საზოგადოებაში არ არის საჭირო. ფაქტია, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. აგრესორი რომ რუსეთია, ამაზე საუბარი საჭიროც არ არის.
იმ პერიოდში სროლების მთელი კასკადი იყო გარშემო და რაღაც წვრილმანის დაფიქსირება და შემდგომში ვიღაცების მტრად შერაცხვა, მით უმეტეს იმ ადამიანისა, ვინც რუსეთის ჯარები საქართველოდან გაიყვანა მისი მინისტრობის დროს, არ მიმაჩნია სწორად. მთელი ეს ორომტრიალი და კასკადი არის იმ მხრიდან დანთებული, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს.
"მ.კ.": "ოცნებამ" ზურაბიშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს. ამ კონკრეტულ ფაქტს როგორ შეაფასებთ?
რ.ს.: შანსი იმისა, რომ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი ვერ დაიკავოს, დიდია. შესაბამისად, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ მეორე ტური შედგეს ან პირველივე ტურში წინ წამოიწიოს რომელიმე სხვა ფიგურამ. ეს ფიგურა კი იქნება ან დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგალითად - ელისაშვილი, ვინც პირობა დადო, რომ თუ ზურაბიშვილი დასახელდება, თავადაც შევა ამ ბრძოლაში, ან რომელიმე პარტიული კანდიდატი.
ანალიტიკოსებში გავრცელდა ასეთი მოსაზრება, რომ "ქართულ ოცნებას" მოსწონს დავით ბაქრაძე და შეიძლება, მას აწყობს კიდეც ეს ყველაფერი. მეეჭვება, რომ ბაქრაძეს ეს აწყობდეს. პირველ რიგში, ბაქრაძეს გაუჭირდება გამარჯვება, რადგნ იგი აღიქმება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ფიგურა და რეალურადაც, ბაქარაძე გაატარებს იმ ზოგად კურსს, რომელსაც "ნაციონალების" დაცვა ჰქვია.
თუ "ქართული ოცნების" დღევანდელ ხელმძღვანელობაში ვერ ხვდებიან, რომ ზურაბიშვილისთვის უარის თქმით ისინი ხელს შეუწყობენ "ნაციონალური მოძრაობის" აღზევებას, ამას უკვე აღარაფერი ეშველება.
საზოგადოებაში მკაფიო კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს, რომ მმართველი პარტია ლოიალური იყო "ნაციონალებთან" ურთიერთობაში და თუკი "ოცნებამ" ეს ნაბიჯი გადადგა, მას მხარდამჭერები საგრძნობლად შეუმცირდება.
"მ.კ.": თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა, თავად ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი საპრეზიდენტოდ?
რ.ს.: ამ ქვეყანაში ისეთები ხდება, რომ შეიძლება, ყველაფერს ელოდო. ეს სცენარი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ "ოცნების" კანდიდატი არავინ არ იქნება. მაგრამ "ოცნება" თუკი ვინმეს დააყენებს, მაშინ ყველაფერს იმაზე ააწყობენ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვოს.
მეეჭვება, რომ ივანიშვილი ამ პოზიციას დათანხმდეს, რადგან ყველაზე კარგად მან იცის, რომ ეს პოზიცია საქმის გაკეთების მხრივ არაფერში გამოადგება და ასევე, უამრავ დროს წაართმევს, რომელიც მას ძალიან ეძვირფასება.
"მ.კ.": აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ფაქტს? სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოსთან მიმართებაში?
რ.ს.: ორივე ქვეყანა საქართველოს პარტნიორია და ორივე ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ერდოღანი პირველად არ გამოდის მსგავსი სულისკვეთების განცხადებებით და მას დიდი ხანია, დასავლეთის მიმართ პრეტენზიები აქვს; ზოგადად, ევროკავშირის მიმართ ჰქონდა და ახლა ამერიკის მიმართაც გაუჩნდა.
თურქეთს ერთი პრობლემა აქვს - სხვა მოკავშირეების ძებნა თუ დაიწყო, ანალოგიური მოკავშირე შეიძლება იყოს "ისლამური სახელმწიფო", რომელიც დღეს უკვე დიდ ძალას წარმოადგენს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თურქეთი აღმოჩნდება ტერორისტული ქვეყნების სიაში.
ძლიერ მოკავშირეს, რომელიც თურქეთის ინტერესებში შევა და მის პოლიტიკურ ეფექტურობას გაზრდის, ვერ ვხედავ. უფრო შორს თუ გადავა, მაგალითად, ჩინეთში ან ინდოეთში, ბუნდოვანია, ჩინეთი ასეთ კავშირი თუ შექმნის თურქეთთან.