არჩევნებამდე ორ-ნახევარი თვით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატად უკვე 15 ადამიანი დარეგისტრირდა
ელზა პაპოშვილი
13.08.2018

 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველები შესაძლოა, სხვა წლებთან შედრებით, რეკორდულად ბევრი იყოს. გუშინდელი დღის მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 15-მა პრეზიდენტობის მსურველმა მიმართა, თუმცა სავარაუდო მსურველთა რიცხვი ბევრია და შესაძლოა, 35-40 კაცამდე გაიზარდოს.

კანდიდატთა ეს რაოდენობა წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით გაცილებით მეტია - 2013 წელს იყო 23 საპრეზიდენტო კანდიდატი, 2008-ში - 19.

ანალიტიკოსები და თავად საპრეზიდენტო კანდიდატებიც ფიქრობენ, რომ წელს ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნების მოგების უფრო მეტი შანსი აქვს და მსურველთა რიცხვიც ამიტომ გაიზარდა. მათი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ მმართველმა გუნდმა ჯერჯერობით არ დაასახელა იმ კანდიდატის ვინაობა, ვისაც არჩევნებში მხარს დაუჭერს, ეს პრეზიდენტობის მსურველებს მეტ მოტივაციასა და იმედს უჩენს, რომ შესაძლოა, ამ არჩევნებში გაიმარჯვონ.

 ოქტომბრის არჩევნებისათვის ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებული კანდიდატებიდან რამდენიმე 2013 წლის არჩევნებშიც ცდილობდა ამომრჩევლის გულის მოგებას. დარეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატთა ამ დროისათვის არსებული სია კი ასეთია:

1. მიხეილ სალუაშვილი - "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე";

2. გიორგი ლილუაშვილი - "საქართველო";

3. ზვიად ბაღდავაძე - "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო";

4. ვახტანგ გაბუნია - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა";

5. ლევან ჩხეიძე - "ახალი ქრისტიან-დემოკრატები";

6. შალვა ნათელაშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია";

7. კახაბერ ჭიჭინაძე - საინიციატივო ჯგუფი (ელგუჯა ბურდული, ელგუჯა შვანგირაძე, ეკატერინე სოხაძე, მარიამ მამაცაშვილი, იოსებ მაისაშვილი, სოფიო კანაშვილი, თეიმურაზ მჟავია);

8. დავით ბაქრაძე - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის";

9. ზვიად იაშვილი - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია";

10. გია ჩხიკვაძე - საინიციატივო ჯგუფი (ოთარ კევლიშვილი, ნოდარ ღვინიაშვილი, ლილი გულუა, ავთანდილ ტორონჯაძე, ჯიმშერ ღვინიაშვილი);

11. დავით უსუფაშვილი - "თავისუფალი დემოკრატები";

12. კობა ჯულაყიძე - საინიციატივო ჯგუფი (ამირან ჯულუხიძე, ზაზა ჯულაყიძე, მიხეილ თოდუა, თამაზ ავანაშვილი, მზია ნარიმანიძე, ლია პაიჭაძე- ნავდარაშვილი, როსტომ ნავდარაშვილი, დიმიტრი ნავდარაშვილი, სოფიკო ხოროიშვილი);

13. გიორგი გახოკია - საინიციატივო ჯგუფი (გელა მოძღვრიშვილი, ხათუნა კალანდაძე, ილია შონია, ლია ფოცხვერაშვილი, ჯემალ წურწუმია);

14. კახა კუკავა - "თავისუფალი საქართველო";

15. გელა ხუციშვილი - "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".

გარდა ამისა, ერთ-ერთ კანდიდატს - "წმინდა ილია მართლის საზოგადოების" მიერ წარდგენილ გია ჩხიკვაძეს - ცესკო-მ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

 ასევე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებად ჯერ ოფიციალურად არ დარედისტრირებულან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე და "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მოლოდინში მყოფი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელთაც თავისი საარჩევნო კამპანიები პრაქტიკულად უკვე დაიწყეს. ასევე არ დარეგისტრირებულა ალეკო ელისაშვილი. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, კანდიდატთა შორის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ვიხილოთ.

საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ ეს ჯერჯერობით განაცხადებია და რეგისტრირებული ვინც დარჩება, ამას საზოგადოება 19 სექტემბერს გაიგებს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მას დარეგისტრირების უფლებას მისცემს. მათ ხელმოწერების პროცედურები აქვთ გასავლელი, შესაბამისად, კუკავა ფიქრობს, რომ ბევრი მათგანი ამ პროცედურას უბრალოდ ვერ გაივლის.

მსურველების რაოდენობის მომატებას რაც შეეხება, კუკავა ფიქრობს, რომ, წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ამ არჩევნებზე უფრო დიდი კონკურენცია იქნება.

"ხელისუფლებას 2016 წლამდე ყველა არჩევნებში გამარჯვება აბსოლუტურად გარანტირებული ჰქონდა, თუმცა საზოგადოებაში ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილების ტალღა იზრდება. შესაბამისად, ხალხშიც არის მოთხოვნა გაჩენილი, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და ვალდებულნი ვართ, მოსახლეობას არჩევანის საშუალება მივცეთ.

"ეს კონკურენცია შანსებს ზრდის და ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებში უფრო მეტი შანსი აქვს. ეს იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტესტი, რომელსაც ყველა ერთად ჩავაბარებთ", - აცხადებს კუკავა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან" წლევანდელი არჩევნების სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე მრავალფეროვანი იქნება. ძაბირაძე ფიქრობს, რომ "ოცნების" განცხადებამ პრეზიდენტობის მაძიებლებს იმედი ჩაუსახა. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ რადგან მმართველი გუნდი ამ არჩევნებში საკუთარი კანდიდატით არ წარსდგება, ოპოზიციურ კანდიდატს ხელმოწერებისა და ხმის მიღების მეტი შანსი ექნება.

"არ მგონია, რომ მთლად 40 ადამიანის დარეგისტრირება გახდეს შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, როდესაც კანდიდატების სრული რეგისტრაცია მოხდება, მაშინ უკვე ზუსტად გახდება ნათელი, ვის რა შანსები ექნება.

"რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციას მოგების მეტი შანსი აქვს, მაინც მგონია, რომ ეს მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თუ "ოცნება" რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს ღიად დაუჭერს, ჩათვალეთ, რომ ეს კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო თუ "ოცნება" ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე მივიდეს, გამოჩნდება, ბოლოს ვის რა პოზიციები ექნება", - აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ "ოცნების" გარდა რომელიმე სხვა კანდიდატს ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდეს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანების მონაწილეობა ბოლო დროს გარკვეულ ჰობად იქცა და კანდიდატთა მომრავლებასაც სწორედ ამით ხსნის.

ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ "ოცნება" ამ არჩევნებს გამოეთიშოს. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გაიმარჯვებს, რაც ქვეყანას უბრალოდ ჩიხში შეიყვანს.

"არ მგონია, რომ "ოცნების" განცხადება სისრულეში იქნას მოყვანილი. ეს არის უბრალოდ თამაში, რაზეც ვიღაცები ჰყვებიან. საქართველოში, როგორც წესი, ყველას პირველობა უნდა, ალბათ, საპრეზიდენტო კანდიდატების რიცხვის მატებაც ამით არის განპირობებული.

"ოცნებას" ძალიანაც რომ უნდოდოს, ამ არჩევნებს ბოიკოტს ვერ გამოუცხადებს, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გახდება, ეს კი ქვეყანას ჩიხში შეიყვანს. ამიტომ მგონია, რომ ეს ხალხი ტყუილად ირჯება. უბრალოდ გულს ახარებენ და იყოს, ვის რას უშლიან", - აცხადებს ხუხაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×