ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და „უპატრონო“ მიცვალებულთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს:
„ავადმყოფი გარდაიცვალა კლინიკაში, ალბათ, დასავლეთ საქართველოდან იყო. რეანიმაციაში წოლის დროსაც არავინ ჰყავდა მომკითხავი. სიკვდილის შემდეგ პოლიციას დავუკავშირდით. აღმოაჩინეს, რომ 2-3 წლის გაშორებული ცოლი ჰყოლია და 23-24 წლის შვილი. ტელეფონიც დაადგინეს. დავურეკეთ. შევატყობინეთ მამის გარდაცვალება და ვკითხეთ, რას აპირებდა. "ჩვენ რატომ უნდა დავასაფლაოთ??! ისე, თუ გინდათ ვნახავ, თუ საჭიროა", - იყო პასუხი. ჩვენ რაში უნდა დაგვჭირებოდა მისი ნახვა, ამიტომ გადავიყვანეთ სამხარაულში - მერე მერია დამარხავდა. ბოლო 2-3წელია მამასთან არ ჰქონია კონტაქტი, მანამდე ხომ ერთად იყვნენ? არაფერი ახსენდება? თუნდაც მამის ალერსი?
ბოლო დროს გახშირდა ასეთი შემთხვევები, ძირითადად, ქართველებია ეს უსახლკაროები, უპატრონოდ გარდაცვლილები. ჩემი თაობის ექიმებმა მუშაობა დავიწყეთ, 80-იანებიდან, არც ერთი ასეთი უპატრონო ქართველი მიცვალებული არ მახსოვს! კათედრებს პრობლემაც ჰქონდათ - უპატრონო მიცვალებულის არქონა!
არ ვიცი, საით მივექანებით... ეკონომიკა ალბათ გამოსწორდება და დამარხვის პრობლემა არ ექნებათ ოჯახის წევრებს, მაგრამ ისე იქნება როგორც ამერიკულ ფილმებშია...“ - წერს დავით გადელია.