სამშობირო „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტი 37 წლის ნატალია აბრამიშვილია.
მისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო და გოგო გაუჩნდა. მას პირველი შვილიც გოგონა ჰყავს. ნატალია აბრამიშვილმა კლინიკა „ნინოში“ პარასკევს, 10 აგვისტოს იმშობიარა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოჯახის წევრებმა დღეს, 13 აგვისტოს, სახლში წაიყვანეს.
მშობიარობის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. მას სისხლდენა დაეწყო. პაციენტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იგი ოპერაციამდე გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის საქმესთან დაკავშირებით, მოკვლევას იწყებს. სააგენტოს წარმომადგენლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კლინიკა „ნინოს“ და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს შეამოწმებენ.
პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-ში გამოძიება სსკ-ის 116-ემუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.