რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) ავაზაკს ყველა ავაზაკი ეჩენებოდაო, - ასეთი კომენტარი გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

ადვოკატის განცხადებით, არავითარი დაჯგუფება და ბიზნესმენი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეუფე იაკობი ამის შესახებ დიდი ხნის წინ ისაუბრებდა.

„ეს არის „წყალწაღებული ხავს ეჭიდებაო". ეს არის სიცრუე. ვინმე ბიზნესმენი რომ არსებობდეს, რაიმე დაჯგუფება რომ არსებობდეს, მეუფე იაკობს იმხელა კავშირი აქვს სუს-ის მაღალჩინოსნებთან, რომ ითანამშრომლებდა და ყველას დაასახელებდა, მაგრამ არ არსებობს და იმიტომ ვერ ასახელებს. ეს არის „ავაზაკს ყველა ავაზაკი ეჩენებოდაო". რა ჰქნას არ იცის. ცდილობს საზოგადოებაში თავისებურად დისკრეტიდაცია გაუკეთოს იმ პროცესს, რაც მამა გიორგის პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზეა საუბარი. ეშინიათ მისი გამოსვლა და სიმართლის საუბარი. მეტი არაფერი", - განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან".

მისივე თმით, მეუფე იაკობის მიერ ქადაგების დროს გაკეთებული განცხადებები სწორედ პრეზიდენტის შეწყალების პროცესს უკავშირდება.

გუშინდელ ქადაგებაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზი გიორგი მამალაძე „ავაზაკად" და „დაჯგუფების წევრად" მოიხსენია. მეუფე დეკანოზის ადვოკატების მხრიდან პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ დეკანოზს პატრიარქის მოცილება უნდოდა. მისივე თქმით, ამ „დაჯგუფების" უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×