(რეზონანსი) თბილისში სამშობიარო სახლ „ნინოში" 35 წლის მშობიარე ქალი ნატალია აბრამიშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მშობიარეს სისხლდენა მშბიარობიდან ორ საათში დაეწყო, მისი გადაყვანა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გახდა საჭირო, თუმცა ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე პაციენტი გარდაიცვალა.
სამშობიარო სახლ „ნინოში" ექიმებსა და გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილი ქალის ახლობლები სამშობიაროს ადმინისტრაციას და ექიმებს უყურადღებობაში და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ბუნებრივად მშობიარობის მიზნით ახალგაზრდა ქალს დამაჩქარებელი გაუკეთეს. მშობიარობის შემდეგ კი მას სისხლდენა დაეწყო და სისხლისგან დაიცალა. ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ მშობიარე ქალმა ოთხი ლიტრი სისხლი დაკარგა, კლინიკას კი სისხლის მარაგი არ ჰქონდა.
„ვარდება წნევა იმის გამო, რომ არ არის სისხლი, ამ დროს რაღაც წამლით წევენ. ეს „ტრუხა" რაღაც არის, ვერ წევს იმიტომ, რომ სისხლი მიდის. ამ დროს იმის მაგივრად, რომ მოვიდეს კომპეტენტური პირი, რომ გასინჯონ, რომელიც აპარატურა ამათ არ აქვთ, რომ გასინჯონ. სისხლი არ აქვთ, რომ გადაუსხან, ჩემი შვილი იცლება სისხლისგან. 4 ლიტრი სისხლი დაკარგული ჰქონდა და ლიფტში გარდაიცვალა ბავშვი, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია," - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, ქრისტოფორე აბრამიშვილმა.