საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, აქტიურად იწყება საუბარი საკითხზე, თუ რა ბედი ელის პრეზიდენტის სასახლეს. საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ, რომელის აზრითაც, პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს.
მისი თქმით, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია ამისთვის საუკეთესო ადგილია.
„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლება-მოსილებები, რაც 2012 წლამდე იყო. შესაბამისად, არც იმხელა სტაფი სჭირდება, რომ მაგალითად, ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული. ათონელის რეზიდენცია საუკეთესო შენობა-ნაგებობაა და ადგილიც, რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, ყველანაირი შინაარსით", - განაცხადა თბილისის მერმა.
თემას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს,
„პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე არაერთხელ მაქვს პოზიცია გამოხატული. მათ შორის ექსპერტული პოზიცია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სასახლე არის მნიშვნელოვანი სიმბოლო, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.