თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა სირიის არაბული რესპუბლიკის რეგიონებში განსახორციელებელი სამხედრო ოპერაციების მომზადების ბოლო ფაზაშია. პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ოპერაციების მთავარი მიზანი რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკურ ექსპერტ კორნელი კაკაჩიას თქმით, თურქეთში არსებულმა კრიზისმა შესაძოა მთელ რეგიონზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, რამაც, არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროს მიაყენოს ზიანი.
20 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს სამხედრო ოპერაცია კოდური სახელწოდებით ზეთისხილის რტო, რომელის მიზანია ქურთების მიერ კონტროლირებადი აფრინისა და თელ-რიფათის რაიონების, ქურთი ტერორისტებისგან გასუფთავება.
"რეზონანსთან" საუბრისას კაკაჩიამ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებებით ერდოღანი ცდილობს "მცირე გამარჯვებების" მოპოვებას, რათა დაამტკიცოს, რომ მისი პოლიტიკა ეფექტური და შედეგის მომტანია.
"თუ გადავხედავთ ბოლო დროინდელ მოვლენებს და იმას, თუ როგორ ვითარდება თურქეთის საგარეო პოლიტიკური ტრაექტორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ძალიან "ზიგზაგური" საგარეო პოლიტიკა ახასიათებს. ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ცდილობს, რომ თავისი ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინო.
" როგორც ევროპაში, ასევე ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრი ადამიანი მას ბრალს სდებს ავტორიტარიზმში, რაც გამოხატვას ჰპოვებს მათ საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ, თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს, რომ არსებული კრიტიკა "შეფუთოს" ისე, რომ მოხდეს თურქი ხალხის კონსოლიდაცია მისი ხელისუფლების გარშემო. აქედან გამომდინარე, ის ძალიან კარგად იყენებს საგარეო პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს-ხანდახან ეს არის რუსეთი, სირია. ერდოღანი ცდილობს, რომ შიდა კრიზისიდან ყურადღება საგარეო პრობლემებზე გადაიტანოს.
"მას შემდეგ, რაც მას დაეძაბა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ის ცდილობს, რომ მოახდინოს გარკვეული კომპენსაცია სხვა ფლანგზე წარმატების მიღწევით. ამ შემთხვევაში, იგულისხმება სირია.
"ედროღანი თავისი ქმედებით ხშირად ბაძავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ზოგჯერ ავტორიტარულ ლიდერებს სჭირდებათ გარკვეული მცირე წარმატებები თავინთი რეპუტაციის ასამაღლებლად. ერდოღანიც ამ ტალღაზეა, რადგან ამერიკასთან დაპირისპირების შემდეგ ქვეყნის შიგნით მას ძალიან აკრიტიკებენ, იმიტომ, რომ იციან-შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე თურქეთს ძალიან გაუჭირდება."-აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
ექსპერტის თქმით, თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რომ ძალიან მნიშვნე;ლოვანი პრობლემები შექმნას მთელ რეგიონში:
"როდესაც თურქეთი არასტაბილურია, ეს მთლიანად გადაედება რეგიონს, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანა იყო ყველაზე სტაბილური და, რაც მთავარია, მისი ეკონომიკა იყო ძალიან სწრაფად მზარდი. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა მეზობელ სახელმწიფოებზე.
"ბუნებრივია, არასტაბილური თურქეთი უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის რეგიონისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. მგონია, რომ ეკონომიკური არასტაბულურობა საქართველომ უკვე იგრძნო და მომავალში კიდევ იგრძნობს. თუმცა, რაც შეეხება სამხედრო და გეოპოლიტიკურ არატაბილურობას თურქეთში, მაშინ ამან შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვან და არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს."
"არასტაბილურმა თურქეთმა შესაძლოა, რომ კიდევ უფრო წაახალისოს ექსტრემისტული, ისლამისტური დაჯგუფებები, რომელთაც აქვთ საკუთარი ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში. ამას დაემატება ისიც, თუ როგორ ურთიერთობებს შეინარჩუნებს თურქეთი ნატო-სთან, რადგან თუ მან გადაუხვია ნატო-სთან თანამშრომლობის გზას, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაშინ მას დასჭირდება ახალი ალიანსები, რომლის შექმნაც მოუწევს რუსეთთან, ირანთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ანტიდასავლურ ძალებს წარმოადგენენ."
"გარდა ამისა, ლტოლვილების ის ნაკადი, რომელსაც თურქეთი აკავებს და ამაში მას ევროკავშირი ამაში სერიოზულ თანხებს იხდის, ამან შესაძლოა, რომ უკონტროლო ხასიათი მიიღოს და მოედოს არა მხოლოდ ევროპას, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასაც."
"მიუხედავად იმ "ზიგაზეგისა", რომელიც ახასიათებს თურქეთის საგარეო პოლიტიკას, მე მაინც მგონია, რომ საბოლოოდ რაციონალიზმი გაიმარჯვებს და არ მგონია, რომ ის რყევა, რომელიც დღეს არის დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობაში დიდ ხანს გაგრძელდეს. დროის ამბავია, ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ერდოღანი ხელისუფლებას და რა იქნება მომავალში. თუმცა ფაქტია, რომ არასტაბილური თურქეთი არავის ინტერესებში არ შედის."-თქვა მან.
კაკაჩია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ შეიცვლება თურქეთში დაწყებულმა პრობლემებმა შესაძლოა, რომ საქართველოზეც მოახდინოს მნიშვნელოვანი, ნეგატიური გავლენა:
"ამას ემატება ეკონომიკური კოლაფსიც, რომელმაც, შესაძლოა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვისაც, რადგან თურქეთი არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, თურქეთში არსებული პრობლემები ჩვენზეც მოახდენს ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას." - დასძინა კაკაჩიამ.