თამარ შუკვანი
13.08.2018

 „ნინო გვენეტაძე აღმოჩნდა მგლების ხროვაში და მგლებმა შეჭამეს. ვგულისხმობ იმ შემადგენლობას, რომელიც არის უზენაეს იუსტიციის საბჭოში," - უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ თანამდებობისთვის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო.

რა შედეგი შეიძლება გამოიღოს აღნიშნულმა კონსულტაციებმა და რა ცვლილებას უნდა ველოდოთ სასამართლო სისტემაში, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, „რეზონანსი" იურისტს გელა ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

„რეზონანსი": დღევანდელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის როლი როგორია?

გელა ნიკოლეიშვილი: არ მგონია, რომ სასამართლო სისტემის პირდაპირი მართვის მექანიზმები თეა წულუკიანს ჰქონდეს და არც კანონმდებლობით არის ეს განსაზღვრული. სასამართლოს სისტემას მართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სადაც დღემდე არის ის ხალხი, რომელიც კუბლაშვილის დროინდელია.

შემდეგომში არ უნდა გაგრძელებულიყო იმ მოსამართლეთა სამოსამართლო ვადების გაგრძელება, რომელთაც ვადა 2014-წლიდან ამოეწურათ. მოსამართლეთა ძირითად კონტიგენტს ამოეწურათ 10-წლიანი ვადა და შემდგომში ეს გაგრძელდა, - ზოგიერთი ძველი მოსამართლე უვადო ვადითაც კი დანიშნეს.

გვენეტაძისთვის ამის პასუხის მოთხოვა არ იქნება სამართლიანი, რადგან ის არ განსაზღვრავდა ამ პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, რომ შეცვლილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შესაძლოა მომხდარიყო ცვლილება თვითონ მოსამართლეთა კორპუსის შემადგენლობაში.

გვენეტაძე არ გამოდგა ისეთი მებრძოლი, რომ ამ მგლების ხროვაში, სადაც ის მოხვდა, გამარჯვება მოეპოვებინა. ამ ბრძოლაში დამარცხდა, რის შედეგადაც იგი წავიდა. ეს არის მისი სისუსტის გამოხატულება, მაგრამ მისი ბრალეულობა რამეში, რომ რაღაც უკანონოდ გაეკეთებინა, გამოვრიცხავ.

„რ": არის თუ არა სასამართლო სისტემა შესაცვლელი და კონკრეტულად, რისი შეცვლა გახლავთ საჭირო?

გ.ნ.: პირველ რიგში, უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და აქედან გამომდინარე, სტანდარტები, რომლებსაც ეს საბჭო ადგენს. დამოუკიდებლობა მეტ-ნაკლებად სასამართლოს აქვს შენარჩუნებული, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლო აღმოჩნდა თვითონ ცალკე ისეთი მოთამაშე, რომელსაც საკუთარი ინეტერესები აღმოაჩნდა;

„მოსამართლეებს კორპორაციული სოლიდარობა აქვთ ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაცდომაც არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, ისინი ერთმანეთს მხარში უდგანან და თვითონ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობა იქცა გარკვეულად, შემაფერხებელად ამ სისტემის განვითარებისთვის.

„რ": უზენაესი სასამართლოს ახალი თავჯდომარის შესარჩევად მარგველაშვილის მიერ წამოწყებულ ფართო კონსულტაციებს როგორ შეაფასებთ და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს კონკრეტულმა ფაქტმა?

გ.ნ.: ფართო კონსულტაციები კარგია, თუმცა მე ვერ ვხედავ რეალურად იმის შანსს, რომ ამ ოქტომრამდე მოესწროს ეს ყველაფერი. გააჩნია, რა კანდიდატს წამოაყენებენ. დღეს ძალიან ძნელია კონკრეტული პიროვნების დასახელება. ეს პიროვნება უნდა იყოს მებრძოლი, კვალიფიციური და ავტორიტეტულიც. ასეთი პერსონის მოძებნა ძალიან ძნელია.

თუკი მოხერხდა და ისეთი კანდიდატურა იქნა წარმოდგენილი, რომელზე უარი პარლამენტისთვის იქნებოდა წამგებიანი, ალბათ, პარლამენტი დაამტკიცებდა. იგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებული; პარტიების, პრეზიდენტსა და პარლამენტს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.

პიროვნება, რომელიც ამ სისტემას სათავეში ჩაუდგება, უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მიმართული იქითკენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან დამოუკიდებელი გახადოს, ზოგადად იხელმძღვანელოს სამართლებრივი ნორმებით და არა პოლიტიკური კონიუქტურით.

ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიზანია და ყველა ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო. დამტკიცების პროცესმა შესაძლოა შემოდგომაზე ან ზამთარშიც კი გადაიწიოს და საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ, წინასწარი ძალიან ძნელია ამის განსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×