(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო სვანეთში მამის მიერ რვა შვილის სახლში გამოკეტვის ფაქტს ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, ამირან დევროზაშვილი შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით იქნა დაკავებული, რაც 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, 28 ივლისს, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ა. დ.-ს დაკავების შესახებ. სასამართლოს განჩინებით ა. დ. დაკავებული იქნა შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - 3 ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად დევროზაშვილი იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. დევროზაშვილის ადვოკატის გოჩა კილოსანის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.