რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების - ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებ.

„ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ. ბაღებში მოსაწესრიგებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ, ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის მიხედვით, „ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები".

„ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები. საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას. არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×