თამარ მუკბანიანი
14.08.2018

 ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულთა შრომითი პირობები მძიმეა, ანაზღაურება კი - საკმაოდ დაბალი. ამიტომ დასაქმებულები მუდმივად მზად არიან გაფიცვისთვის, თუმცა ხშირად უკან დახევაც უწევთ. კომპანია სარგებლობს იმით, რომ ჭიათურაში დასაქმების სხვა პერსპექტივა ფაქტობრივად არ არსებობს.

2018 წლის 4 ივნისს მაღაროელების გაფიცვა იგეგმებოდა, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მთავარი ხელფასის 30%-ით ზრდა იყო, თუმცა "ჯორჯიან მანგანეზმა" მოლაპარაკება შეძლო და 10%-იანი ზრდის სანაცვლოდ გაფიცვა ჩაიშალა. დასაქმებულები ამბობენ, რომ, რიგ შემთხვევებში, სახელფასო ზრდა 30 ლარს არ აღემატება, მათი სამუშაო გარემო კი გაუსაძლისია.

განსხვავებით ტყიბულის შახტებისაგან, ჭიათურელი მაღაროელებისთვის შრომითი უფლებების დარღვევის თემა ნაკლებად აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულები ხშირად აპროტესტებენ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას.

გარდა ამისა, მაღაროებში ძალიან რთულია სამუშაო პირობები და მისი უსაფრთხოება. შარშან ჭიათურის გამამდიდრებელ კომბინატში ზეინკალი მესამე სართულის კიბიდან ჩამოვარდა და პირველ სართულზე დაცემისას გარდაიცვალა. ასევე მედიაში გავრცელდა ინფრომაცია მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს ორი მუშის დაშავების შესახებ.

იქამდე, 2016 წლის დასაწყისში იყო აქცია, სადაც 300 მაღაროელი ერთად გაიფიცა. მაშინ აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის ქარხნის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ტყიბულის შახტების თანამშრომლები, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციები: თბილისის სოლიდარობის ქსელი, სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი, ჭიათურელთა კავშირი და ა.შ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან დასაქმების მყარ გარანტიებს, ხელფასის დაკარგული 40%-ის სამთავრობო რეზერვიდან კომპენსირებასა და საწარმოს 4-თვიანი იძულებითი მოცდენის პერიოდში შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსასწორებლად გეგმის შემუშავებას მოითხოვდნენ.

ჭიათურელი მაღაროელების ბოლო აქცია თბილისში მეტროს მემანქანეების აქციის პარალელურად იგეგმებოდა. მაშინ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა, თუმცა მოთხოვნილი 30%-ის ნაცვლად, ხელფასის ზრდა მხოლოდ 10%-ით მოხდა.

დასაქმებულთა ისტორიები ისეთივე მძიმეა, როგორიც მათი სამუშაო გარემო. ხელფასი მინიმალურია და გარდა ამისა, მუშები პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებასაც ედავებიან დამსაქმებელს.

"ჩვენთან არის ორი საბაგირო - სატვირთო და სახალხო. ხელფასი განსხვავდება მხოლოდ 10 ლარით, მაგრამ მაინც არის სხვაობა. ეკუთვნით მათაც, მაგრამ ჩვენ ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე და გამოდის, რომ ქვა უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანი", - აცხადებს ლალი ხვედელიძე.

გუგული ცუცქირიძე ითხვისის მაღაროში ექთნად მუშაობს. იგი "ნეტგაზეთთან" ამბობს, რომ ექთნის საჭიროება ხშირია, რადგან დიდი დაზიანებების გარდა, რაც ხმაურდება, ხშირია პატარა ტრავმები, როგორებიცაა ხელისა და ფეხის მცირე დაზიანება, უცხო სხეულის მოხვედრა, ტემპერატურა და ა.შ. ეს შრომის მძიმე პირობებითაა გამოწვეული.

"ქალებს უფრო ვერ გვიმორჩილებენ, ადვილად აქცევენ თავის გავლენის ქვეშ კაცების უმრავლესობას. ბევრმა ქალმა დატოვა სამსახური და საზღვარგარეთ წავიდა, ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ქალია დასაქმებული ახლა. დაბალი ხელფასით ავიწროებენ და იმ საქმეების დავალებით, რაც არ შედის მათ მოვალეობაში. მარტო დამლაგებლად უნდათ ქალები", - აცხადებს გუგული ცუცქირიძე.

მამაკაცი, რომლის ჩაწერაც "ბიზნეს-რეზონანსმა" შეძლო, კომენტარზე კონფიდენციალობის შენარჩუნების სანაცვლოდ დაგვთანხმდა. იგი ამბობს, რომ ჭიათურის მაღაროებში ბევრი რამეა გასაპროტესტებელი, მაგრამ ალტერნატიული სამუშაო არ არსებობს და ამიტომ ყველა დუმილს ამჯობინებს.

"ჩვენთან ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე ტყიბულის შახტებში, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჭიათურაში პირობები უკეთესია, უბრალოდ, საწარმოო სტრუქტურაა სხვა...

სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა. მოვინდომებთ ხოლმე აქციას, გაფიცვას, მოვაბამთ კიდეც თავს, მაგრამ ყველაფერს ვერ გააპროტესტებ, რაც ჩვენთან ხდება. სხვა სამუშაო არ არის და ამიტომ გვიწვევს ატანა, თორემ 10%-ით ხელფასის ზრდა სასაცილოც აღარაა. თვის ბოლოს სახლში 30 ლარით მეტს რომ მიიტან, გეგონება, დიდი ამბავი იყოს, ისე გვამცნო კომპანიამ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

თბილისის სოლიდარობის ქსელი ჭიათურელი მაღაროელების შრომითი უფლებების გასაპროტესტებლად არაერთხელ გამოსულა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დასაქმებულთა ანაზღაურებაც და შრომითი პირობებიც ცალსახად არასათანადოა.

"პირობები აშკარად არასათანადოა და სწორედ ამიტომ გეგმავდნენ გაფიცვას მაღაროელები. ტყიბულთან შედარებით ბევრად მწვავედ დგას ხელფასის საკითხი. ცალსახად სახეზეა სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების შეუთავსებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა აღარ მომხდარა, განწყობა კვლავ ისევ ისეთივე კრიტიკულია. სამუშაოს დროს მადნის მოპოვების წესი არ შეესაბამება არავითარ სტანდარტს. ცხადია, ეს დასაქმებულთა პროტესტს იწვევს, თუმცა ბოლო შემთხვევაში ხელფასის მინიმალური ზრდით კომპანიამ გაფიცვის თავიდან არიდება შეძლო", - აცხადებენ თბილისის სოლიდარობის ქსელში.

"ბიზნეს-რეზონანსი" დაუკავშირდა "ჯორჯიან მანგანეზს", სადაც რიგი მიზეზების გამო, კომენტარის დროულად მოწოდება ვერ მოახერხეს. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, რას აპირებს კომპანია სამომავლოდ დასაქმებულთა შრომის პირობების გასაუმჯობესებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×