ერთ თვეზე მეტია, რაც საქართველოში მცირე მეწარმეები განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ. სპეციალისტები არსებულ ცვლილებას დადებითად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი ჯერ არ არის, თუ რამდენით გაიზრდა მცირე მეწარმეთა რიცხვი ამ ცვლილების შემდეგ.
2018 წლის 1-ლი ივლისიდან, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხო. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯი.
მთავრობა ამბობს, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ცვლილებიდან ჯერ ცოტა დროა გასული, მაგრამ შედეგი დამაკმაყოფილებელია. ამ გადაწყვეტილებით მცირე მეწარმეებს ხელი შეეწყობათ და უფრო გააფართოებენ თავიანთ საქმიანობას.
"მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ 100 000 ლარს თუ გასცდებოდა პირი, მცირე მეწარმის სტატუსი უუქმდებოდა, ახლა კი მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება და იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-სა.
აქტივობას რაც შეეხება, რეგისტრაციამ რამდენით მოიმატა, ჯერ ზუსტი რიცხვი არ ვიცით. მცირე დრო არის გასული, თუმცა დაინტერესება რომ საკმაოდ მაღალია, ეს ნათლად ჩანს. ისიც აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებით, მცირე მეწარმეებს ხელი შეეწყობათ და უფრო გააფართოებენ თავიანთ საქმიანობას. პროცენტულად რა შედეგს მივიღებთ, რამდენად მოიმატებს მათი ოდენობა და ა.შ. ამას დრო გვიჩვენებს, ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა გასული კანონის ამოქმედებიდან", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჭელიძემ.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი პირობებით სარგებლობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი პროექტები ქვეყნის მეწარმეობას საკმაოდ გააძლიერებს. მისი აზრით, მსურველები აუცილებლად გამოიყენებენ მათთვის მიცემულ შანსს. დღეს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის შედარებით უკეთესი პოზიციებია, ვიდრე აქამდე იყო.
"შეუძლებელია, მცირე მეწარმეობაზე მიღებული ახალი კანონი მეწარმეებს არ მოსწონდეთ. ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილებაა მათთვის, რომლებსაც აუცილებლად გამოიყენებენ. არ შეიძლება, ამას დადებითი ეფექტი არ მოჰყვეს.
კონკრეტულად ამ პერიოდში რა არის გაკეთებული, ზუსტად არ ვიცი, ცოტა დროა გასული და რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა წინ რომ წავა ამ სფეროში საქმე, მე ამის მჯერა. მეწარმეებიც ბოლომდე გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგაძემ.
სხვაგვარად უყურებენ საკითხს საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციაში. ასეთ ცვლილებებამდე აუცილებელი იყო ძირეული ცვლილების გატარება, რაც გულისხმობს მცირე მეწარმეთა კანონის აღდგენასა და მცირე მეწარმეთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ამოქმედებას. ასოციაციის ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მეწარმეები თავად შეძლებენ, დააფინანსონ საკუთარ თავი. დღეს ბანკები ამის საშუალებას არ აძლევენ, რაშიც სახელმწიფოც უჭერს მხარს.
"კანონი შევიდა ძალაში, მაგრამ რომ ამბობენ, პირველად აიწია 500 000 ლარამდეო, ეს სწორი არ არის. ჯერ კიდევ 1999 წლიდან იყო ეს ნორმა ძალაში და მცირე მეწარმეს შეეძლო, ამ თანხის ფარგლებში ემოქმედა. შემდეგ ეს კანონი გააუქმეს მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის ცენტრთან ერთად. ახლა ეს ზღვარი, უბრალოდ, აღადგინეს ძველ ნიშნულზე.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება კარგია პატარა საწარმოებისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯებისთვის, რომლებიც შეიძლება, გადადგას მეწარმემ და გავიდეს დიდ მოგებაზე, არ არის გათვლილი. პარალელურად, აუცილებელია აღდგეს მცირე მეწარმეთა კანონი, მასთან ერთად კი - მცირე მეწარმეთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც იცავს მცირე მეწარმეების ინტერესებს.
თუკი ეს მოხდება, მცირე ბიზნესს ბიუჯეტიდან ფულის მიღებაც კი არ დასჭირდება, თავად დააფინანსებენ საკუთარ თავს, მაგრამ ბანკებს არ აწყობთ და სახელმწიფოც მათ ინტერესს ატარებს. მცირე მეწარმეების მიერ აღებული სესხებიდან პროცენტები აღარ შევა ბანკში და შესაბამისად, მოგებასაც, თანაც დიდძალს, ვერ მიიღებენ ბანკირები. ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მცირე მეწარმეობა გახდეს დამოუკიდებელი", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას საკანდელიძემ.