"ბანკებს გააქვთ ფული და იქ ვაჭრობენ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით და აქ რა მოსდის ლარს, ეს საერთოდ არ აინტერესებთ"
თამარ მუკბანიანი
14.08.2018

 ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღეში 17 პუნქტით გაუფასურდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საგარეო ფაქტორებია. ქვეყანა სავალუტო პანიკის ზღვარზეა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს გარე ფაქტორების შერბილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. არსებობს მოსაზრება, რომ სწრაფი დევალვაცია საქართველოდან დოლარის მასის თურქეთში გადინებამ გამოიწვია.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება ვერა და ვერ ხერხდება. ამჯერად ვარდნა არა შემოდგომის ბოლოს და ზამთრის პერიოდში, არამედ ზაფხულში დაიწყო, როცა ტურისტული ნაკადებიც მძლავრია და არც სხვა, შიგა ფაქტორები არსებობს. საქმე ისაა, რომ სავალუტო ბაზარზე მიმდინარეობს დოლარის აჟიოტაჟური შესყიდვა და შემდეგ ეს შესყიდული ფული უცხოეთში, სავარაუდოდ კი თურქეთში იგზავნება, სადაც სავალუტო შიმშილი მძვინვარებს.

"ბიზნეს-რეზონანსმა" ინფორმაციის გადასამოწმებლად ეროვნულ ბანკს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ, ლარის რყევებთან დაკავშირებით სებ-ი კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. ეს არის პასუხი იმ ორგანიზაციისა, რომელსაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ევალება.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა პირდაპირ აცხადებს, რომ არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს ბირჟებზე გაედინება ვალუტა საქართველოდან კომერციული ბანკების მეშვეობით, რაც ლარის სტაბილურობას უშლის ხელს.

"ლარის ბოლო გაუფასურება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მსოფლიო ტენდენციებთან, რომლის მიღმაც არ დარჩენილა საქართველოს საბანკო სექტორი. ბანკირებმა იხელთეს დრო და დაინახეს შანსი იმისა, რომ სავალუტო რყევის შედეგად შეუძლიათ დამატებითი შემოსავლის მიღება. მათ გააძლიერეს სპეკულაციური პროცესები, რის გამოც ლარის კურსმა დაიწყო ვარდნა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქეთის ვალუტა გაუფასურდა ერთბაშად 50%-ით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, თურქეთმა მიიღო სერიოზული ზომები იმისათვის, რომ შეენელებინა ლირის ვარდნა. კერძოდ, კომერციულ ბანკებს შეუზღუდა სავალუტო ოპერაციები მათი კაპიტალის 50%-ის ოდენობით და დაემუქრა მათ, რომ თუ პროცესი არ შეჩერდება და ლირა განაგრძობს ვარდნას, მიიღებს უფრო მკაცრ ზომებს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე რეაქცია მარეგულირებლის მხრიდან უნდა იყოს ამგვარი და არა ისეთი როგორიც ეს საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს. სინამდვილეში, ეს უწყება საერთოდ არ რეაგირებს არაფერზე და სწორედ ეს არის ყველაზე გამაოგნებელი. მათი პოზიცია არ იცვლება წლების განმავლობაში. ეროვნულ ბანკს არ აღელვებს არანიარად ლარის კურსის მერყეობა, რაც სპობს ჩვენს ეკონომიკას. მაინტერესებს, რატომ არ უკრძალავს კომერციულ ბანკებს საალუტო სპეკულაციებს, რომელიც ლარის კურსს ძირს უთხრის?

ეროვნული ბანკის არაადეკვატური საქმიანობა, უფრო სწორედ, უსაქმურობა სრულიად გაუგებარია. ვინ მართავს სტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელი უნდა იყოს და დამამუხრუჭებლად იქცა?

დღეს ლარის კურსის ვარდნა არაფრით უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ვალუტა გადის არა მხოლოდ თურქეთში, არამედ - მსოფლიოს სავალუტო ბირჟებზე. კომერციულ ბანკებს გააქვთ ფული და იქ ვაჭრობენ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით და აქ რა მოსდის ლარს, ეს საერთოდ არ აინტერესებთ.

ბალანსი კომერციული სტრუქტურის ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესს შორის საერთოდ არ არის დაცული. ეს სტრუქტურა რეალურად კომერციული ბანკების მომსახურების ორგანოა და, შესაბამისად, მათ ინტერესს ატარებს. მათ ნამდვილად არ აღელვებთ არც ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი და არც ლარის სტაბილური კურსი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.

"ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი, პროფესორი ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ გარე ფაქტორებით განპირობებული გაუფასურების შერბილება შესაძლებელი იყო და არ მოხდა.

"შიდა ფაქტორები არ არსებობდა ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ეროვნულ ვალუტას რამე დამუქრებოდა. ბიუჯეტი სრულდება, ტურისტული ნაკადი მზარდია. საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ დარჩა იმ პროცესის მიღმა, რაც რუსეთსა და თურქეთში მოხდა და ლარზეც აისახა.

რა თქმა უნდა, კომერციული ბანკების მხრიდან ვალუტის გადინება ხდება თურქეთში და ესეც უარყოფითი ფაქტორია. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა ცოტა მოგვიანებით დადგება, რადგან ფულადი ტრანზაქციების დიდი ნაწილი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის საქართველოში, როცა ემიგრანტები საკუთარ ახლობლებს ფულს ურიცხავენ. გადარიცხები დაიკლებს, ეს ცხადია. მოგეხსენებათ, ყოველთვიურად საქართველოში 100-125 მლნ ლარი ირიცხებოდა ემიგრანტების მხრიდან, ვშიშობ, ეს ციფრი მკვეთრად შემცირდება. ეს პროცესები იქამდე გაგრძელდება, სანამ სამი დიდი ქვეყნის (თურქეთი, აშშ, რუსეთი) ურთიერთობა არ დალაგდება.

ბოლო 3 თვის განმავლობაში, კურსი იყო სტაბილური და ამ დროს საქართველოში ბანკების მოგება განახევრდა, რადგან ისინი დიდ მოგებას ლარის კურსის ზემოთ-ქვემოთ ფრიალით ნახულობენ. ახლა კომერციულ და ეროვნულ ბანკს ხელ-ფეხი გაეხსნათ, თითი გაიშვირონ გარე ფაქტორებისაკენ და არაფერი მოიმოქმედონ კურსის სტაბილურობისათვის.

აუცილებელია დროებითი რეგულაცია, რომლითაც ბირჟის მონაწილეებს დაეკისრებათ ვალდებულება, წარადგინონ ცნობა, ვინ რა ვალუტას ელოდება, ვის რა ვალუტის ყიდვა უნდა და როდის. სებ-მა კი ზღვარი უნდა დაარეგულიროს, რაც მისცემს მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალებას. ასევე, კეთილინებონ და დაუბრუნონ ეროვნულ ბანკს მათი მთავარი ფუნქცია და არ იყოს მხოლოდ ინფლაციის მაყურებლის როლში", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" შენგელია.

თურქული კრიზისის ფონზე, "გალტ ენდ თაგარტი" წლის ბოლოსთვის დოლარის მიმართ ლარის 2.70-ის ნიშნულზე დაცემას პროგნოზირებს, ნაცვლად ადრე ნავარაუდევი 2.60-ისა. საბროკერო კომპანია აღნიშნავს, რომ ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ასევე იმპორტის მაჩვენებლების მიხედვით, ლარზე მოქმედი წნეხი შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში შესუსტდეს.

"გალტ ენდ თაგარტში" აღნიშნავენ, რომ აშშ დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსის ეტაპობრივი კორექტირება აუცილებელი პროცესია ლარის რეალური პოზიციების დასაფიქსირებლად თურქულ ლირასა და რუსულ რუბლთან, რომლებიც საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენენ.

ჯერჯერობით ბუნდოვანია ხელისუფლების პოზიცია მოსალოდნელ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს სათანადო გეგმა, რათა ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან მუდმივი კონსულტაციები იმართება.

"ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს. მათ აქვთ სათანადო გეგმა, რომ სტაბილურობა უზრუნველყონ და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი იქნება მიღწეული", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კურსთან მიმართებაში უარყოფითი ტენდენციების მიზეზებზეც ისაუბრა. "არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომლებიც გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს ქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

მეორე მხრივ, ხელისუფლება აღიარებს, რომ ლარის გაუფასურებას ვერ გაექცევა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გოგა გულორდავა მხოლოდ იმედოვნებს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება.

"ვხედავთ ყველა, რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ეს არის თურქეთი, რუსეთი, როგორ უფასურდება მათი ვალუტა. არ შეიძლებოდა, ამ ფაქტორებს გავლენა არ ექონია ჩვენთანაც... რა თქმა უნდა, კურსის მცირეოდენი ზრდა ამ მოკლევადიან პერიოდში, სანამ სტაბილიზაციას მიაღწევს, რაღაც დოზით აუცილებლად მოხდება", - განაცხადა გულორდავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×