ია აბულაშვილი
14.08.2018

 მმართველი გუნდი, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს და არც საკუთარი რჩეულის დასახელებას ჩქარობს, ექსპერტთა გარკვეული ნაწილის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოოდ იტყვის უარს, ერთადერთი გამოსავალი რჩება, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი.

შექმნილ ვითარებაში მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არჩევნებში, ამის თაობაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, "ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს.

"მე რომ ცოტა მაღალი წარმოდგენის ვიყო მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პროფესიულ შესაძლებლობებზე, მაშინ თავისუფლად ვიტყოდი, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს, გარდა საკუთარი კანდიდატის დაყენებისა.

"იმასაც ვიტყოდი, რომ ზურაბიშვილი მშვენიერი, თვითმოვლენილი ფიგურა აღმოჩნდა ამ სიტუაციის შესაქმნელად. საპრეზიდენტო ეშხში შესულმა "ალაპარაკებულმა" ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა. თვით რუსული პრესაც კი აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში პირველად, ასე მასობრივად აღიარებს რუსეთის, როგორც აგრესორის როლს და რუსულ საიტებზე ასეთი სათაურის სტატიებიც კი ქვეყნდება - "დანაშაული სასჯელის გარეშე". ამ დროს პრეზიდენტობის იდეით გატაცებული კანდიდატი ღიად აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. "თავად "ოცნებაშიც" მშვენივრად იციან, რომ როგორც კი ოფიციალურად გახდება ზურაბიშვილი მათი კანდიდატი (ვის დააჯერებენ მის დამოუკიდებლობას), მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია. ზურაბიშვილს წვრილ-წვრილად გაუხსენებენ მის წარსულს, ხანმოკლე მინისტრობის დროს საკადრო პოლიტიკით დაწყებულსა და ჩოხებში გამოწყობილი ელჩებით დამთავრებულს.

"ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, როგორც კი დადგება დღე, როდესც "ოცნება" იძულებული გახდება, დაასახელოს თავისი რჩეული, პირველი რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილი მექანიკურად დადგება არჩევანის წინაშე, ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან სერიოზულ რისკზე წავიდეს და პრეზიდენტად იხილოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

"რასაკვირველია, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, თვით საქართველოს ისტორიაშიც კი ჯერ არნახული მასშტაბით გაყალბებული არჩევნები, მაგრამ ეს კიდევ უარეს რისკებთან იქნება დაკავშირებული.

"აქედან გამომდინარე, რჩება ერთადერთი ლოგიკური დასკვნა - შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს უალტერნატივო გადაწყვეტილებას და თვითონ იყრის კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში.

"ალაბთ, რაღაც კონსულტაციები ჰქონდა "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილთან, რაზედაც მიანიშნებდა მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ქალ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ალბათ იყო აზრიც, მისთვის მხარი დაეჭირათ და ზურაბიშვილმაც, ვინც კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას, იცის, თავისი რეიტინგი რომ მაღალი არ არის.

"დღეის მდგომარეობით, "ოცნებას" ხელ-ფეხი აქვს გახსნილი სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, დაუჭერს მხარს ან არ დაუჭერს, თუ არ დაუჭერს, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დააბრალებს.

"რაც შეეხება საკუთარი კანდიდატის დაყენების საკითხს, ეს "ოცნებისთვის" იქნება უკან დახევა, მით უმეტეს, ივანიშვილის კანდიდატურისა, რადგან ყველა იტყვის, ისეთი სუსტია, კანდიდატურა ვერ იპოვა და ისეთ უუფლებო პოსტზე თავად პარტიის თავმჯდომარე იყრის კენჭსო.

"სხვა შემთხვევაში რა მოგახსენოთ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ოცნებას" ყველაფერი კარგად აქვს დაწყობილი, ვინ დააწყო, არ ვიცი, მაგრამ კარგად დააწყვეს, ნებისმიერ შემხვევაში იგი გამარჯვებული რჩება, რადგან შეუძლია, არც თავისი კანდიდატურა დააყენოს და მხარი ნეტირალურ კანდიდატს დაუჭიროს, რომელიც პირველ ტურში თუ არა, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ხიბლავს პოლიტიკა; რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას, იმ კანდიდატებიდან, რომლებიც დასახელებული არიან, "ოცნებისთვის" უფრო მისაღები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×