რეზონანსი
14.08.2018

 დაწყებით საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება, ახალი სახელმძღვანელოები, მცირედი ცვლილება საგაკვეთილო საათებში, მეხუთე კლასში სკოლის მიერ ორი უცხოური ენის შეთავაზება; ასევე, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და შემაჯამებელი დავალებების შემცირება – ეს იმ სიახლეების ჩამონათვალია, რომლებიც 17 სექტემბერს, 2018-19 სასწავლო წლის პირველი დღიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ელით.

„დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე 45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე. გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება. შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს.

მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით არის ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×