რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) დეკანოზი გიორგი მამალაძე წმინდა სინოდის წინაშე წარსდგება მაშინ, როცა კანონის შესაბამისად, საპატიმროს დატოვებს, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელია მოხდეს პრეზიდენტის შეწყალების ან საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ.

მამა მიქაელის განცხადებით, ამჟამად მამა გიორგის მღვდელმოქმედების საკითხი შეჩერებული აქვს. შესაბამისად, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ დადგება საკითხი - მას უნდა აღუდგეს მღვდელმოქმედება, თუ უნდა ჩამოერთვას ეს უფლება.

„ამ დროს ის წმინდა სინოდის სხდომის წინაშე წარსდგება. სწორედ ამას გულისხმობს წმინდა სინოდის გუშინდელი განცხადების ტექსტი. ამავე დროს ასევე, მას მოუწევს, დაასაბუთოს მის მიერ გაკეთებული განცხადებები კორუფციის შესახებ და ასე შემდეგ", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა „ინტერპრესიუსთან".

საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე გუშინ განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×