გვანცა წულაია
14.08.2018

 მმართველ პარტას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ უნდა ჰყოლოდა.

„პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას არ უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ანუ პარტია თავისი კანდიდატით არ უნდა წარმდგარიყო არჩევნებში. ერთ-ერთი არგუმენტი იყო სწორედ ეს. ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ ილუზია. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი პარტიული ლიდერი, კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ილუზია, პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

გადაწყვეტილება, რომ „ქართულ ოცნებას" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩენებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია თამარ ჩუგოშვილის განაცხადებით, არ შეიცვლება.

„ამ თემაზე გვქონდა ძალიან ბევრი მსჯელობა, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეც ესწრებოდა. პოზიციები იყო ორივე მხარეს.

"თავად პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას" არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს. ამ პოზიციას გააჩნია ორი არგუმენტი. ერთია ის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთავის, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უმაღლესი თანამდებობა ერთი პარტიის ხელში არ იყოს.

"მეორე არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტის მანდატთან დაკავშირებით არსებობს არასწორი წარმოდგენა. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ჩვენ საპრეზიდენტო სისტემა ვიყავით. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ საზოგადოებას პრეზიდენტი წარმოუდგენია, როგორც ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებელი პირი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს არასწორი წარმოდგენა კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მიღებული გადაწყვეტილების პარალელურად, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერის მოლოდინშია. ზურაბიშვილს იმედია აქვს, რომ „ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს.

მმართველმა პარტიამ კი სალომე ზურაბიშვილის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ, დისტანცია დაიკავა.

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, შემდეგი არჩევნების დროს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით მოხდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×