ბოლო დროს საქართველოში ბიზნესმენების გამხმაურებული მკვლელობის არა ერთი ფაქტი მოხდა. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები სულ რამდენი ბიზნესმენია მოკლული, თუმცა გახმაურებული მკვლელობების მიხედვით, რაც მედიით შუქდებოდა, 7 წლის განმავლობაში 12 ბიზნესმენია მოკლული. 11 აგვისტოს კიდევ ერთი ბიზნესმენი მოკლეს.
საღამოს 42 წლის ლევან სიგუა დოლიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს. ჯერჯერობით, პოლიციას არ ჰაყვს არც ეჭვმიტანილი და არც დაკავებული დამნაშავე. სავარაუდოდ, მისი მკვლელობა კარგად დაგეგმილი და შესრულებულია.
კრიმინალისტები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მსგავს მაყუჩიან იარაღს, რომლიც სავარაუდოდ, ბიზნესმენის მოკვლისას თავდამსახმელმა გამოიყენა, პროფესიონალი ქილერები იყენებენ და მისი შოვნა ე.წ. შავ ბაზარზეც რთულია.
ბიზნესმენის მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავს, მისი აღმოჩენა მკვლელობის შემდეგ, ქუჩაში გამვლელმა შეძლო. როგორც მეზობლები „რეზონანსთან" ყვებიან, მძიმე ჭრილობების შედეგად სიგუა ადგილზევე დაიღუპა. მას 6-მდე ტყვია ჰქონდა ნასროლი. ერთ-ერთი მეზობელი გვიყვება, რომ მან მხოლოდ ყრუ გასროლის და მანქანის სწრაფად წასვლის ხმა გაიგონა.
ფანჯარაში გამოხედვისას კი თვალი მოჰკრა, რომ ეს წითელი ფერის ავტომობილი იყო. თუმცა მისი მარკა ვერ დაადგინა. მან ეზოში კორპუსის წინ დავარდნილი მეზობელი ვერ დაინახა, რადგანაც სახლის წინ მდგარი ხეები ეფარებოდა. მკვლელსა და სიგუას შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. არც შელაპარაკება და არც ხმაური.
სიგუას მეზობელი ამბობს, რომ მას მკვლელი შესაძლოა ან უკან მოსდევდა ან სახლთან ელოდებოდა. ბიზნესმენი მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა, მაშინვე ესროლეს. ის როდესაც იპოვეს, მანქანის ღია კართან სახით იწვა. გარდაცვლილი ქუჩაში შემთხვევით გამვლელმა აღმოაჩინა, რომელმაც ყვირილი ატეხა.
მეზობელი აცხადებს, რომ იარაღის გასროლის ხმა იმდენად ყრუ და უმნიშვნელო იყო, მას ეგონა ბავშვები ასაფეთქებლებს ისროდნენ. მისი ყურადღება მხოლოდ სწრაფად დაძრულმა ავტომობილმა მიიქცია. მეტი სხვა საეჭვო ვერაფერი შეამჩნია.
სიტუაციას კი ის ფაქტიც ართულებს, რომ მკვლელობის ადგილზე, მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები არ არის. დამნაშავეებს, სავარაუდოდ, მხოლოდ დოლიძეზე დამონტაჟებული ერთი სათვალთვალო ვიდეოკამერა დააფიქსირებდა.
„მეზობლებს სიგუას მხოლოდ დადებითად დახასიათება შეგვიძლია. უკონფლიქტო, წყნარი და ოჯახის მოყვარული ბიჭი იყო. ყველასთან თბილი და კარგი სალამი ჰქონდა. მას და მის ძმას მეზობლებმა სახლის აშენებაზე ერთი წინააღმდეგობა არ გაუწიეს.
პირიქით, იმდენად კარგი და დადებითი პიროვნება იყო, რომ აქეთ ეხმარებოდნენ. არავისთან მისი მხრიდან კონფლიქტი არ გაგვიგონია. ეს იყო სრულიად მოულოდნელი რამ. მისი ძმა განაგებს სამშენებლო ბიზნესს და თუ რამე იყო, მის მიმართ უნდა ყოფილიყო უფრო აგრესია. ლაშაა ამ ბიზნესის მეპატრონე და ეს გარდაცვლილი ძმა ეხმარებოდა.
მეზობლები ვვარაუდობთ, რომ ეს პროფესინალის გაკეთებულია. იმდენად დაგეგმილი მკვლელობაა, რომ მან ზუსტად იცოდა როდის მოვიდოდა, ქუჩაზე კამერები სად იყო და ადგილიც ისე როგორ დაეტოვებინა, რომ მისი გადაადგილება შეუმჩნეველი ყოფილიყო. ყრუ სროლის ხმა ყველა მეზობელმა გაიგონა, მაგრამ არავის ეგონა, რომ ეს იარაღი იყო. მხოლოდ მე გამოვიხედე, მაგრამ ხეები მეფარებოდა და ვერაფერი დავინახე. თურმე საწყალი დაბლა წოლილა და სისხლად იცლებოდა", - აცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის მეზობელი „რეზონანსთან".
რა გახდა 42 წლის ბიზნესმენის სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ოჯახს საუბარი არ სურს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ლევან სიგუას და მისი ძმის, ლაშა სიგუას ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. სიგუებს ბოლო პერიოდში სამშენებლო ბიზნესი ჰქონდათ.
კომპანია „ახალმშენი 2016-მა", რომელიც ძმებს ეკუთვნის, საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენმე სახლი ააშენა. მოკლული ლევან სიგუა და მისი მეუღლე უძრავ ქონებას ბალანჩივაძის ქუჩაზეც ფლობდნენ.
მოახდინეს თუ არა სამართალდამცველებმა ლევან სიგუას მკვლელის იდენტიფიცირება, უცნობია. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.