
54 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა დაზარალებული ოჯახი მომხდარში მკურნალ ექიმს ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. ნანა შალვაშვილი N1 კლინიკური საავადმყოფოს (არამიანცი) ნევროლოგიის განყოფილებაში 8 აგვისტოს გულისრევის შეგრძნებით და თაბრუსხვევით მიიყვანეს. კლინიკაში მას ანემიის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მკურნალობაც დაუნიშნეს. პაციენტი კლინიკაში მკურნალობას 4 დღის განმავლობაში გადიოდა, მეხუთე დღეს კი შესაბამისი დანიშნულებით სახლში გაწერეს. თუმცა, 12 აგვისტო პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - სახლში მისვლიდან ნახევარ საათში, ნანა შალვაშვილი მოულოდნელად გაითიშა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"გაწერის დღეს თავად არ იყო მკურნალი ექიმი, დანიშნულება დაგვიწერეს ფურცელზე და გამოგვიშვეს. გაწერისას არანაირი ანალიზი აღარ ჩაუტარდა, პრაქტიკულად, თავიდან მოგვიშორეს.
სახლში ნახევარი საათის მოყვანილი გვყავდა, რომ უცბად გაითიშა. სასწრაფოს გამოვუძახეთ და “ევექსის“ კლინიკაში ჩავიყვანეთ, მაგრამ ვეღარაფერი ვუშველეთ. ახლა მითხრეს, სავარაუდოდ, რაღაც უცნობი ვირუსი ექნებოდაო“, - უთხრა "ამბები.ჯი"-ს გარდაცვლილის მეუღლემ.
დავით შალვაშვილი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს.